Apple-ის ეკოსისტემის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი უსაფრთხოების ფუნქცია ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ჟურნალისტის ჩამორთმეული ტელეფონის გახსნა ვერ შეძლეს. საუბარია Washington Post-ის რეპორტიორ ჰანა ნატანსონზე, რომლის iPhone-მაც Apple-ის Lockdown Mode-ის წყალობით, FBI-ის აგენტებს წვდომა დაუბლოკა.

გასულ თვეში, პენტაგონის კონტრაქტორის მიერ საიდუმლო ინფორმაციის სავარაუდო გაჟონვის საქმის გამოძიების ფარგლებში, აგენტებმა ნატანსონის სახლი გაჩხრიკეს. ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის, ორი MacBook და iPhone. თუმცა, როგორც სასამართლო დოკუმენტებიდან ირკვევა, FBI-ის კომპიუტერული ანალიზის ჯგუფმა ტელეფონიდან მონაცემების ამოღება ვერ შეძლო, რადგან მოწყობილობაზე გააქტიურებული იყო დაცვის სპეციალური რეჟიმი.

რა არის Lockdown Mode? Apple ამ ფუნქციას განმარტავს, როგორც „არჩევით, ექსტრემალურ“ დაცვის ინსტრუმენტს, რომელიც შექმნილია იშვიათი და დახვეწილი კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად. კომპანია პირდაპირ აცხადებს, რომ ეს რეჟიმი ყველასთვის არ არის – ის განკუთვნილია ადამიანთა ძალიან ვიწრო წრისთვის, რომლებიც თავიანთი საქმიანობის, სტატუსის ან ფლობილი ინფორმაციის გამო, შესაძლოა, ციფრული საფრთხის სამიზნე გახდნენ. მომხმარებლების უმეტესობას მსგავსი ტიპის თავდასხმები, სავარაუდოდ, არასდროს დაემუქრება.

ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია Apple-ის უახლეს ოპერაციულ სისტემებზე (iOS 16, macOS Ventura და შემდგომ). მისი მუშაობის პრინციპი მარტივია, თუმცა რადიკალური: ის მკაცრად ზღუდავს კონკრეტულ აპლიკაციებსა და ფუნქციებს, ზოგს კი საერთოდ თიშავს. მიზანი იმ „შესასვლელების“ მინიმუმამდე დაყვანაა, საიდანაც ჯაშუშურმა პროგრამებმა (spyware) სისტემაში შეღწევა შეიძლება სცადონ. იზღუდება ვებ-ტექნოლოგიები, რომლებსაც საიტები იყენებენ და იბლოკება ფოტოების გაზიარების გარკვეული მეთოდები.

ბევრს ჰგონია, რომ სახის ან თითის ანაბეჭდის სკანერი ტელეფონს სრულად იცავს, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ სამართლებრივი და პრაქტიკული კუთხით, ჩვეულებრივი პაროლი სამართალდამცავებისგან დასაცავად უფრო საიმედოა. მიზეზი მარტივია: მათ შეუძლიათ გაიძულონ, ტელეფონს სახე მიუშვიროთ ან თითი დაადოთ სკანერს, მაგრამ პაროლის თქმას ან შეყვანას იურიდიულად ვერ დაგაძალებენ.

ნატანსონის შემთხვევაშიც ზუსტად ეს სცენარი გათამაშდა: აგენტებმა ჟურნალისტს უთხრეს, რომ ვერ აიძულებდნენ პაროლის გამხელას, თუმცა ჩხრეკის ორდერი მათ უფლებას აძლევდა, გამოეყენებინათ ნატანსონის ბიომეტრიული მონაცემები მოწყობილობების გასახსნელად. საბოლოოდ, აგენტებმა შეძლეს MacBook-ის გახსნა ჟურნალისტის თითის ანაბეჭდით, მაგრამ iPhone-მა, რომელიც Lockdown Mode-ზე იყო გადაყვანილი და მხოლოდ პაროლს ითხოვდა, ისინი არ შეუშვა.

როდესაც მომხმარებელი ამ ფუნქციას ააქტიურებს, ტელეფონის ქცევა შესამჩნევად იცვლება. ზოგიერთი ვებგვერდი ნელა იტვირთება, ზოგან ფოტოები არ ჩანს და მათ ნაცვლად კითხვის ნიშნებია, იცვლება შრიფტებიც, რადგან სისტემა ბლოკავს რთულ ვებ-ტექნოლოგიებს.

შეზღუდვები ეხება სხვა აპლიკაციებსაც: Messages-ში იბლოკება მიმაგრებული ფაილების უმეტესობა და ბმულების „პრევიუები“. FaceTime-ის ზარები იბლოკება უცხო ნომრებიდან, თუ მათთან კომუნიკაცია ბოლო თვეში არ გქონიათ. Photos აპლიკაციაში გაზიარებული ალბომები ქრება, ხოლო ფოტოებს უქრებათ ლოკაციის ინფორმაცია. ასევე მკაცრდება წესები დაუცველ Wi-Fi ქსელებთან და აქსესუარებთან დაკავშირებისას.

ყველაზე დიდი დისკომფორტი შესაძლოა ყოველდღიურ სიტუაციებში შეიქმნას, მაგალითად, ხშირად კამერა ბრაუზერიდან არ ირთვება და მომხმარებელს უწევს დაცვის რეჟიმის გამორთვა და ტელეფონის გადატვირთვა, რომ სასურველი მოქმედება შეასრულოს.

თუ თვლით, რომ თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე ეს დაცვა გჭირდებათ, მისი ჩართვა მარტივია: შედით Settings-ში, აირჩიეთ Privacy and Security და ჩამოდით ბოლომდე. დააჭირეთ Lockdown Mode-ს და შეიყვანეთ პაროლი, Face ID-ის ნაცვლად. მოწყობილობა გადაიტვირთება და რეჟიმი გააქტიურდება. გამორთვაც ზუსტად იმავე გზით ხდება. Apple გვირჩევს, რომ თუ ამ გზას ირჩევთ, რეჟიმი თქვენს მფლობელობაში არსებულ ყველა Apple-მოწყობილობაზე გააქტიუროთ.

წყარო: Fastcompany;  www.marketer.ge