წარმოიდგინეთ, რომ ღამის 2 საათია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, სმარტფონიდან პირდაპირ მზის შუქი გამოიძახოთ. არა პროჟექტორი, არამედ რეალური მზის სინათლე, რომელიც კოსმოსიდან აირეკლება და პირდაპირ თქვენს სახლთან მოხვდება. კი, ეს იდეა სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, თუმცა სწორედ ასეთ პროექტზე მუშაობს ამერიკული სტარტაპი Reflect Orbital.
კომპანიის მიზანია, დედამიწის ორბიტაზე გაუშვას სარკიანი სატელიტების ქსელი, რომელიც მზის სინათლეს აირეკლავს და ღამით დედამიწაზე გაგზავნის. იდეა მარტივია: თუ მზის შუქი ღამით არ გვაქვს, რატომ არ შეიძლება ის კოსმოსიდან „გამოვიძახოთ”?
როგორ გაჩნდა ეს იდეა

Reflect Orbital 2021 წელს დაარსდა კალიფორნიაში. კომპანიის დამფუძნებლები არიან ინჟინრები ბენ ნოვაკი და ტრისტან სემელჰაკი. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ტექნოლოგია, რომელიც მზის ენერგიის გამოყენებას ღამითაც შესაძლებელს გახდიდა. მათი მთავარი კითხვა, რომელმაც სტარტაპს ჩაუყარა საფუძველი, ასეთია: თუ მზის ენერგიის პრობლემა ისაა, რომ ის მხოლოდ დღისით მუშაობს, იქნებ მზის სინათლე ღამითაც გამოვიყენოთ?
სტარტაპმა სწრაფად მიიპყრო ინვესტორების ყურადღება. მათ შორის არიან ცნობილი ვენჩურული ფონდები, მაგალითად, Sequoia Capital და Lux Capital, და კომპანიამ უკვე ათეულობით მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა.
როგორ მუშაობს „კოსმოსური სარკეები“
ტექნოლოგიის ძირითადი იდეა ასეთია:
- დედამიწის დაბალ ორბიტაზე განთავსდება სატელიტები
- თითოეულ სატელიტს ექნება დიდი, ძალიან თხელი სარკე
- სარკე მზის სინათლეს აირეკლავს და დედამიწისკენ მომართავს
სატელიტები იმ ორბიტაზე იმოძრავებს, რომელიც დედამიწაზე დღის და ღამის საზღვარს მიჰყვება. ასე ისინი ყოველთვის ხედავენ მზეს, მაშინაც კი, როცა დედამიწის რომელიმე წერტილში უკვე ღამეა. როდესაც სარკე სწორ კუთხეზე დატრიალდება, ის მზის სხივებს დედამიწაზე, კონკრეტულ ადგილას აგზავნის – დაახლოებით 5 კილომეტრის რადიუსში განათებულ არეალზე.
გამომდინარე იქიდან, რომ სატელიტები საკმაოდ სწრაფად მოძრაობს, ერთ მათგანს მხოლოდ რამდენიმე წუთით შეუძლია განათება. ამიტომ, თუ უფრო ხანგრძლივი განათებაა საჭირო, ერთდროულად ბევრი სატელიტი დაგვჭირდება.
სტარტაპი იმაზეც მუშაობს, თუ როგორი შეიძლება იყოს განათების სიმძლავრე. გუნდის თქმით, მას სხვადასხვა ინტენსივობა ექნება: სუსტი შუქი, საშუალო და მკვეთრი (ამ უკანასკნელის ტექნიკური დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა სტარტაპი ამტკიცებს, რომ თეორიულად შესაძლებელია).
სრულფასოვანი მომსახურებისთვის ათასობით სატელიტია საჭირო. ამ ეტაპზე Reflect Orbital ტექნოლოგიის პროტოტიპებზე მუშაობს და სატესტო რეჟიმის ამოქმედებას 2027 წლისთვის გეგმავს.
რაში შეიძლება გამოვიყენოთ ნამდვილი მზის შუქი ღამის საათებში?
ამ კითხვაზე პასუხიც, რა თქმა უნდა, ნაფიქრია. სტარტაპი გვეუბნება, რომ მზის შუქს ღამით ბევრ სფეროში შეუძლია ადამიანის დახმარება და ეს იდეა სცდება მხოლოდ ამბიციურ სურვილებს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამაშველო და სამხედრო ოპერაციებში, სამშენებლო საქმიანობასა და სამეცნიერო კვლევებში.
რა თქმა უნდა, ამის გარდა კიდევ ბევრი კითხვაც არსებობს: რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს ადამიანებსა და ცხოველებზე, შეუშლის თუ არა ხელს ტელესკოპების მუშაობას, ეკონომიკურად რა დაჯდება მსგავსი სერვისი და ა.შ.
ყველა კითხვის პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა იდეა და კონცეფცია ნამდვილია და ისღა დაგვრჩენია, ერთად დაველოდოთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.