ხელოვნური ინტელექტისადმი მზაობის ინდექსში საქართველო 57-ე ადგილზეა. ქვეყნების რეიტინგი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) წარმოადგინა.

174 ქვეყანას შორის საქართველოს 0.53 ქულა აქვს და რეგიონში ხელოვნური ინტელექტისადმი მზაობის კუთხით უსწრებს აზერბაიჯანს, სომხეთს და უკრაინას, რომელთაც 0.47, 0.48 და 0.51 ქულა აქვთ. საქართველოს უსწრებს რუსეთი (0.56) და თურქეთი (0.54).

IMF წერს, რომ ხელოვნური ინტელექტის მზაობის ინდექსი ეფუძნება ციფრული ინფრასტრუქტურის, ადამიანური კაპიტალის, შრომითი პოლიტიკის, ინოვაციების, ინტეგრაციისა და რეგულირების ანალიზს.

რეიტინგის პირველ ხუთეულში არიან სინგაპური (0.8), დანია (0.77), აშშ (0.77), ნიდერლანდები (0.76) და ესტონეთი (0.76). ქვეყნების ათეულში მოხვდა: ფინეთი (0,75), შვეიცარია (0,75), ახალი ზელანდია (0,75), გერმანია (0,75), შვედეთი (0,74).

სიას ავღანეთი (0,13) და სამხრეთ სუდანი (0,1) ხურავს, რომლებიც შესაბამისად 173-ე და 174-ე ადგილებზე არიან.

IMF წერს, რომ კვლევის მიხედვით, მდიდარი ქვეყნები, როგორც წესი, უკეთ მომზადებულნი არიან ხელოვნური ინტელექტის დასანერგად და გასავითარებლად, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები.

„მზადყოფნის გაზომვა რთულია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ინსტიტუციური მოთხოვნები ეკონომიკაში AI ინტეგრაციისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია. სხვადასხვა ქვეყნები მზადყოფნის განსხვავებულ სტადიაზე არიან, გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის პოტენციური სარგებელი და მართონ რისკები“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კვლევის დეპარტამენტის სტრუქტურული და კლიმატის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ჯოვანი მელინამ.