აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის შექმნას 104 მლნ დოლარის სესხით დააფინანსებს. ამასთან, ბანკმა 400 000 დოლარის გრანტი დაამტკიცა, რომელიც ქვეყანას დაეხმარება მწვანე წყალბადის განვითარების მიმართულებით. 

ეკონომიკის სამინისტროს  ცნობით, ენერგიის დამაგროვებელი ბატარეებისა და მწვანე წყალბადის განვითარების პროექტის მიზანია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება, ქსელის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მეზობელი ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ამ კუთხით კერძო ინვესტორების დაინტერესება.

ელექტროენერგიის დამაგროვებელი ბატარეების მოწყობა ქსნის ქვესადგურში იგეგმება.

"პროექტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკმა გამოყო 104 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი და 400 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი.

პროექტი გულისხმობს კლიმატის ცვლილებებისა და სტიქიური მოვლენების მიმართ მდგრადი ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების (BESS) დამონტაჟებას. პროექტის ფარგლებში იგეგმება 200მგვტ/200მგვტ/სთ დამგროვებელი ბატარეების მოწყობა ქსნის ქვესადგურში. პროექტი ასევე ითვალისწინებს პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას ბატარეების დანერგვის უზრუნველსაყოფად.

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შემუშავდება საკანონმდებლო ჩარჩო, სამოქმედო გეგმა და საგზაო რუკა მწვანე წყალბადის განვითარებისათვის",- განმარტავენ უწყებაში.

წყარო: bm.ge