„კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, ორმა უმსხვილესმა ოპერატორმა - „მაგთიკომმა“ და „სილქნეტმა“, ფიზიკური პირებისთვის შეთავაზებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მაქსიმალური სიჩქარეები გაზარდეს, რის შედეგადაც შეიცვალა აბონენტების განაწილება პაკეტების მაქსიმალური სიჩქარეების მიხედვით“ – ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
„ყველაზე მეტი აბონენტი 50 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტ პაკეტით სარგებლობდა, ხოლო პოპულარობით მეორე ადგილზე 45 მბ/წმ -იანი პაკეტი იყო. შედარებისთვის, 2023 წელს ყველაზე პოპულარული 30 მბ/წმ-იანი პაკეტი იყო, ხოლო მეორე ადგილს 25 მბ/წმ-იანი პაკეტი იკავებდა. კერძოდ, 2024 წელს, „მაგთიკომმა“ 30 მბ/წმ-იანი პაკეტი 50 მბ/წმ-იანით, ხოლო 50 მბ/წმ-იანი - 80 მბ/წმ-იანით ჩაანაცვლა. „სილქნეტმა“ კი 25 მბ/წმ-იანი პაკეტი - 45 მბ/წმ-იანით, 35 მბ/წმ-იანი - 60 მბ/წმ-იანით, ხოლო 50 მბ/წმ-იანი „მაგთიკომის“ ანალოგიურად - 80 მბ/წმ-იანი პაკეტით ჩაანაცვლა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში პირველად, ხელმისაწვდომი გახდა 150 მბ/წმ-იანი ინტერნეტი „სილქნეტის“ ფიზიკური პირი აბონენტებისთვის, თუმცა აღნიშნულ სიჩქარეს 2024 წლის მონაცემებით მხოლოდ 5 ათასი მომხმარებელი ჰყავდა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თბილისში, ფიზიკურ პირ აბონენტებში, ყველაზე მოთხოვნად 50 მბ/წმ-იან პაკეტს 241 ათასი აბონენტი მოიხმარდა, რაც 2023 წელთან შედარებით, 216 ათასი აბონენტით მეტია. რაც შეეხება 45 მბ/წმ-იან პაკეტს, რომელიც კომპანიებს წინა წლებში არ ჰქონდათ შეთავაზებაში, 2024 წელს უკვე 110 ათასი მომხმარებელი ჰყავდა. აღნიშნული პაკეტის მსგავსად, 2024 წლიდან შეთავაზებულ 60 მბ/წმ-იან და 80 მბ/წმ-იან პაკეტებს - 32 ათასი და 26 ათასი აბონენტი მოიხმარდა. 40 მბ/წმ-იანი პაკეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 2024 წელს 30 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 28 ათასით მეტია, რაც კომპანიების მხრიდან 30 მბ/წმ-იანი პაკეტის 10 მბ/წმ-ით ფასის უცვლელად გაზრდამ განაპირობა. ანალოგიური მიზეზით არის ცვლილებები სხვა პაკეტებშიც. 100 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტების რაოდენობა კი თბილისში 2024 წელს 1000-ით ნაკლები იყო და 6 ათასს უტოლოდებოდა. ასევე შემცირდა 35 მბ/წმ-იანი პაკეტის მომხმარებელთა რაოდენობა და 2024 წელს 5 ათასს გაუტოლდა, როდესაც 2023-ში აღნიშნულ პაკეტს 31 ათასი აბონენტი ჰყავდა. ათასი აბონენტით შემცირდა 20 მბ/წმ-იანი პაკეტის მომხმარებელთა რაოდენობაც, და გასული წლის ბოლოს მათი რიცხვი 4 ათასს შეადგენდა. ხოლო, რაც შეეხება 25 მბ/წმ-იან პაკეტს, აღნიშნულს 2024 წელს მომხმარებელი აღარ ჰყავდა, მაშინ, როდესაც 2023-ში 109 ათასი აბონენტი ჰყავდა. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სიჩქარეებზე აბონენტების რაოდენობის ცვლილება ძირითადად განპირობებულია კომპანიების მიერ დაბალი სიჩქარის პაკეტების უფრო მაღალსიჩქარიანით ჩანაცვლებით.
რაც შეეხება რეგიონებს, ამ შემთხვევაშიც შეიცვალა აბონენტების გადანაწილება სიჩქარეების მიხედვით, რაც თბილისის მსგავსად, კომპანიების მხრიდან პაკეტებზე სიჩქარის ზრდითაა განპირობებული. რეგიონებში ყველაზე მოხმარებად პაკეტს 50 მბ/წმ-იანი პაკეტი წარმოადგენდა, რომლის მომხმარებელთა რაოდენობაც 2023 წელთან შედარებით 277 ათასით გაიზარდა და 284 ათასი შეადგინა. რეგიონების შემთხვევაშიც, დიდი პოპულარობა მოიპოვა 45 მბ/წმ-იანმა პაკეტმა და 2024 წელს, უკვე 124 ათასი მომხმარებელი ჰყავდა. 29 ათასი მომხმარებელი ჰყავდა 20 მბ/წმ-იან პაკეტს, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 ათასით მეტი იყო. 265 ათასით შემცირდა 30 მბ/წმ-იანი პაკეტის მომხმარებელთა რაოდენობა და გასული წლის ბოლოსთვის 28 ათასი შეადგინა. 60 მბ/წმ-იან პაკეტის მოხმარება კი 2024 წლიდან რეგიონებში 26 ათასმა ფიზიკურმა პირმა დაიწყო. 131 ათასით შემცირდა 25 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტების რაოდენობაც და 2024 წლისთვის 5 ათასს გაუტოლდა. 80 მბ/წმ-იან პაკეტს კი გასული წლიდან 4 ათასი აბონენტი მოიხმარდა. 2 ათასი აბონენტით შემცირდა 100 მბ/წმ-იანი პაკეტის მომხმარებელთა რაოდენობა და სულ 2 ათასი შეადგინა. ასევე 2 ათასს გაუტოლდა 35 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტთა რაოდენობაც, რაც გასულ წელთან შედარებით 17 ათასით ნაკლებია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.