„საერთოდ, ჩვენი ქალაქის გეოგრაფია ისეა, რომ ავტომობილით მოქნილად მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მთავარი შეცდომა, რაც წლების განმავლობაში პრობლემად გადაიქცა და უკვე არაერთი წელია სახეზე გვაქვს, მაღალი შენობები და სრულიად გაუმართავი და არასაკმარისი რაოდენობის საპარკინგე სივრცეებია“, - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ, განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის გეოგრაფია ისეა მოწყობილი, რომ ავტომობილით მოქნილად მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.
პირადად ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, თანდათან ვიფიქრებდი და ვიზრუნებდი საფრენი ტრანსპორტის განვითარებაზე, რადგან კარს მოგვადგა ის ეპოქა, როცა ადამიანები დრონებით დაიწყებენ მგზავრობას. ჩემი პროგნოზით, 15-20 წელში დრონები საყოველთაო ტრანსპორტი გახდება.
საერთოდ, ჩვენი ქალაქის გეოგრაფია ისეა, რომ ავტომობილით მოქნილად მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მთავარი შეცდომა, რაც წლების განმავლობაში პრობლემად გადაიქცა და უკვე არაერთი წელია სახეზე გვაქვს, მაღალი შენობები და სრულიად გაუმართავი და არასაკმარისი რაოდენობის საპარკინგე სივრცეებია. ეს შეცდომა ნიუ იორკშიც დაუშვეს, მიხვდნენ და მეტროს ხაზის სწრაფი განვითარებით მისი გამოსწორება სცადეს, რაც ნაწილობრივ გამოუვიდათ, მაგრამ მთლიანად ამის მოგვარება უკვე შეუძლებელია. ჩვენთანაც ასეა - ქალაქი იზრდება სიმაღლეში და არა სიგანეში, ეს კი იმ ფონზე, რომ ნორმალური ევროპული ქალაქების ცენტრში 5-7 სართულზე მაღალი შენობები ძალიან იშვიათადაა.
ასე რომ, პირდაპირ ვიტყვი, სადღეისო მდგომარეობის, განაშენიანებისა და გეოგრაფიის გათვალისწინებით, გამორიცხულია, თბილისში საცობები განვმუხტოთ. გამოსავალი ისევ და ისევ მეტროს სწრაფ და ეფექტიან განვითარებაშია. მაგალითად, ტოკიოში ეს ტრანსპორტი ძალიან კარგადაა ქალაქის პრიორიტეტებზე შესაბამებული - მეტროს ხაზები განლაგებულია სართულებად და მოწყობილია როგორც მიწის ზემოთ, ისე ქვემოთ.
ფაქტია, ჩვენს დღევანდელ რეალობაში მეტრო ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტია და მისი სწრაფი განვითარება ყველაზე მეტადაა საჭირო. თუ გვინდა, რომ საცობები განვმუხტოთ და შევამციროთ, ხარისხიანი, კარგად დაგეგმარებული და თანამედროვე ტენდენციებს შესაბამებული მეტროს ხაზების მოწყობა გვმართებს“, - აღნიშნა მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.