"ჰიპოთეზა ვერ ჩაანაცვლებს მტკიცებულებას, ხოლო მტკიცებულების არარსებობის პირობებში რჩება მხოლოდ ბრალდება, რომელიც თავისთავად ვერ ადასტურებს შესაბამის გარემოებებს. ნათია ჯანაშიას მხარის ნარატივი  მნიშვნელოვანი სისუტეებით  არის დადაღული", - ამის თაობაზე ანალიტიკოსმა გიორგი ცუცქირიძემ რადიო  "კომერსანტის" ეთერში, "ბრიტანულ - ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე დავაზე საუბრისას აღნიშნა. კონკრეტულად გიორგი ცუცქირიძე შეეხო ბრიტანულ-ქართული აკადემიის საჯარო რეესტში რეგისტრაციის საკითხს, ჯანონის შესაბამისად ახალი წესდების მიღებას და იმ წინააღმდეგობებსა და ბარიერებს, რაც ნათია ჯანაშიამ შეუქმნა ორგანიზაციას.

როგორც ცუცქირიძე მიიჩნევს, ყველაზე თვალსაჩინო სისუსტე, რაც ნათია ჯანაშიას მხარეს ახასიათებს, არის მტკიცებულებების დეფიციტი.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ამტკიცებს თავისი უფლებების დარღვევას. შესაბამისად, ამ დავის კონტექსტში, მინორიტარი აქციონერი ვალდებულია დაასაბუთოს, კონკრეტულად რომელი უფლება დაირღვა, რა ქმედებით და რა სამართლებრივი საფუძვლით არის აღნიშნული ქმედება უკანონო.

ზოგადი ფორმულირებები - როგორიცაა „უფლებები იგნორირებულია“ ან „მდგომარეობა გაუარესდა“ - სამართლებრივი თვალსაზრისით არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას. კორპორაციულ დავებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტიკას: აუცილებელია განისაზღვროს, ახალი წესდებით რომელი უფლება შეიზღუდა, რა ქმედებით და რა სამართლებრივი საფუძვლით არის აღნიშნული ქმედება სადავო.

მაგალითად, რომ განვიხილოთ დავის ერთ-ერთი ასპექტი, - საწარმოს ხელახალი რეგისტრაციისას შექმნილი პრობლემები, ვნახავთ, რომ რეალურად, იუსტიციის სამინისტროს მიერ იურიდიული პირებისათვის დამტკიცებული ახალი წესდების ჩარჩო თავისუფლად იძლევა მინორიტარი მესაკუთრის ინტერესების დაცვის საფუძველს, ვეტოს უფლებით დაწყებული და დივიდენდის პოლიტიკით დამთავრებული", - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია თანგაყიდვის უფლება, რაც ასევე განსაზღვრულია ახალი წესდების ჩარჩოთი. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ მეწილე (70%) აპირებს თავისი წილის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისებას მესამე პირზე, იგი ვალდებულია წერილობით აცნობოს მინორიტარ მეწილეს, ხოლო  მინორიტარ მეწილეს უფლება აქვს გაყიდოს თავისი წილი იმავე პირობებით და ფასით, როგორც უმრავლესობის მეწილე და, შესაბამისად,  მესამე პირთან გარიგება ვერ განხორციელდება, თუ ეს უფლება არ იქნება შეთავაზებული.

ანალოგიურ ლოგიკურ მიდგომას ვხედავთ, როცა საუბარია წილის სამართლიანი გამოსყიდვის მექანიზმზე. კერძოდ, კონფლიქტის ან მნიშვნელოვანი უთანხმოების შემთხვევაში, მინორიტარ მეწილეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი წილის გამოსყიდვა, კონკრეტულ ვადებში წილის ფასის განსაზღვრით დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. გარდა ამისა მინორიტარ მეწილეს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია თვიურ ფინანსურ ანგარიშებზე, საბანკო ანგარიშების ამონაწერებზე, მნიშვნელოვან კონტრაქტებზე, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს 5 სამუშაო დღეში.

ცალკე თემაა მართვაში მონაწილეობის უფლება, რომელიც ხშირად მეტად აქტუალურია. მეწილეს, რომელიც ფლობს მინიმუმ 30%-ს, აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში და ა.შ", - ხაზს უსვამს ცუცქირიძე

სწორედ ამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ლოგიკას მოკლებულია ის ფაქტი, რომ მინორიტარი მესაკუთრის განცხადებებში, ახალ წესდებასთან მათი პრობლემების თაობაზე საუბრისას, არ იკვეთება თუ კონკრეტულად რომელი საკითხი იქნა დაყენებული და არ იქნა მხარდაჭერილი და, შესაბამისად, მისი უფლებები რა საკითხში დაირღვა.

"ზოგადად, ამ დავაში, ნათია ჯანაშიას მხარის მნიშვნელოვანი პრობლემა არის არგუმენტების შიდა ლოგიკური წინააღმდეგობა, რომელიც გარკვეულწილად თვითგამომრიცხავ ხასიათსაც იძენს. ამ კონტექსტში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის სწორედ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არარსებობა იმ განცხადებებსა და იმ სამართლებრივ თუ ფაქტობრივ მოქმედებებს შორის, რომელზეც საუბარი მიმდინარეობს.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ნათია ჯანაშიას ტექსტებში არაერთხელ არის გაკეთებული აქცენტი ინვესტორის მხრიდან სკოლის ლიკვიდაციისკენ მიზანმიმართულ ქმედებებზე, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები ამგვარი განზრახვის დასადასტურებლად საკმარისად მყარ და ერთმნიშვნელოვან საფუძველს ვერ ქმნის", - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.