ვარიკოზული ვენები ბევრისთვის მხოლოდ ესთეტიკური დისკომფორტია, თუმცა რეალურად ეს ქრონიკული დაავადებაა, რომელიც დროთა განმავლობაში პროგრესირებს და სერიოზულ გართულებებს იწვევს.
როგორ ამოვიცნოთ პირველი ნიშნები, ვინ არის რისკჯგუფში და რატომ არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტიკა და თანამედროვე მკურნალობა - ამ საკითხებზე “კომერსანტი“ ,,ნიუ ჰოსპიტალსის’’ ანგიოლოგს, მარიამ გრძელიძეს ესაუბრა.
ანგიოლოგთან ჩაწერლ ინტერვიუს კი სრული ფორმით გთავაზობთ.
- რა არის ვარიკოზული დაავადება და რატომ არ უნდა მივიჩნიოთ მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემად?
ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვენის კედლების და სარქველების დასუსტება და დაზიანება, რის შედეგადაც ზედაპირული ვენები თხელდება, გამოიბერება და შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, ანთება და თრომბოზი (თრომბოფლებიტი), კანის დაზიანება და ტროფიკული წყლულის გაჩენა.
- რა არის ყველაზე გავრცელებული პირველი ნიშნები, რომელსაც პაციენტმა უნდა მიაქციოს ყურადღება?
პირველი ნიშნები, რითიც ვარიკოზული დაავადება თავს იჩენს არის დისკომფორტი და სიმძიმის შეგრძნება ფეხებში დგომის ან ჯდომის დროს, ფეხების მოუსვენრობა, საღამოობით ხილული შეშუპება, ღამით ფეხის კუნთების ე.წ. „გაკვანძვა“ და ცხადია ხილული და გამობერილი კანქვეშა ვენები.
- ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ მხოლოდ „ძარღვები გამოჩნდა“, ეს სერიოზული არაა - რამდენად სწორია ეს მიდგომა?
ძარღვების გამოჩენა თავის მხრივ უკვე ვენის კედლის დასუსტებისა და სარქვლების დისფუნქციის ნიშანი არის. შეიძლება პაციენტს სხვა სიმპტომები არ ჰქონდეს ვიზუალური დისკომფორტის გარდა, თუმცა ხილული ვენები უკვე ნიშნავს, რომ პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს.
- ვინ შედის ვარიკოზული დაავადების რისკ-ჯგუფში?
რისკ ჯგუფში შედიან ქალები, განსაკუთრებით ორსულობის შემდეგ, პაციენტები ოჯახის წევრებით, ვისაც დადგენილი აქვს ვენური დაავადება, ჭარბი წონის პაციენტები, მჯდომარე (ოფისში მომუშავე, მძღოლები) ან მდგომარე (ჯარისკაცები, მომსახურე პერსონალი, მასწავლებლები) ცხოვრების წესის მიმდევარი პაციენტები.
- რა შეიძლება მოხდეს, თუ ვარიკოზულ ვენებს არ ვუმკურნალებთ დროულად?
ვაროკოზული დაავადება პროგრესირებს და იწვევს შეუქცევად ცვლილებებს, როგორიცაა კანის გამუქება და დათხელება, სისხლდენა ვაროკოზული ვენებიდან, თრომბოზი და საბოლოოდ ტროფიკული წყლულის გაჩენა. ამ უკანასკნელის მკურნალობა გაცილებით ხანგრძლივი და რთულია, ვიდრე ვარიკოზის მკურნალობა საწყის ეტაპზე.
- როგორ ტარდება დღეს თანამედროვე კვლევები - რას მოიცავს დიაგნოსტიკა და რა მეთოდებით ხდება მკურნალობა ნიუ ჰოსპიტალსში?
პირველ რიგში საჭიროა ანგიოლოგის კონსულტაცია, რა დროსაც გასინჯვისა და გამოკითხვის შემდეგ განისაზღვროს პაციენტის სიმპტომები ნამდვილად ვენური დაავადების გამო არის თუ არა. შემდგომი ეტაპია ქვედა კიდურების ვენების დუპლექსსკანირება (ე.წ. დოპლერი, ანუ ვენების ექოსკოპიური კვლევა), რომელიც აფასებს ვენური სარქველებისა და ღრმა ვენების მდგომარეობას. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მკურნალობის ტაქტიკის დადგენა პაციენტთან ერთად.
ჩვენს კლინიკაში პაციენტებს ვთავაზობთ ვარიკოზული ვენების მკურნალობის უახლეს მეთოდს: რადიოსიხშირულ (ე.წ. ლაზერულ) მკურნალობას, რომელსაც არ სჭირდება ნარკოზი, რადგან არ ხდება გაჭრა, და პაციენტი იმავე დღეს მიდის სახლში.
- რამდენად სწრაფად უბრუნდება პაციენტი ჩვეულ ცხოვრებას მკურნალობის შემდეგ?
ოპერაციის შემდეგ ბევრი ჩვენი პაციენტი სამსახურში გადის, რადგან ფიზიკური დისკომფორტი არის მინიმალური. მხოლოდ სიმძიმეების აწევა იზღუდება 2 კვირით.
- ხშირად გვეკითხებიან: ვარჯიში კარგია თუ ცუდი ვარიკოზისთვის?
ზომიერი და ჯანსაღი ფიზიკური აქტივობა ყოველთვის სასარგებლოა. ფეხით სიარული, ცურვა, ველოსიპედი ვენურ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. იმ პაციენტებს, ვისაც უკვე აღენიშნებათ ვარიკოზული დაავადება, დისკომფორტისა და დაავადების პროგრესირების თაბიდან ასაცილებლად ვურჩევთ კომპრესიული გეტრების ტარებას დღის განმავლობაში.
- როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა და რა ეტაპზე მოდიან ყველაზე ხშირად პაციენტები თქვენთან?
ექიმთან მისვლა აუცილებელია ფეხებში სიმძიმისა, დისკომფორტის, შეშუპებისა და ხილული ვენების გაჩენის შემდეგ. თუ გაქვთ შეგრძნება, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც იყო, ენდეთ თქვენს გუმანს და მიმართეთ ანგიოლოგს.
- შესაძლებელია თუ არა ვარიკოზის თავიდან აცილება - რა რჩევებს მისცემდით მაყურებელს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
რადგანაც ვარიკოზი ქრონიკული დაავადებაა, თუ უკვე დაწყებულია, საჭიროა მკურნალობა. დაავადების სწრაფი პროგრესირების თავიდან ასაცილებლად პაციენტებს ვურჩევთ ზომიერ და ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობას, წონაში დაკლებას, კომპრესიული გეტრების გამოყენებას მგზავრობისას, ფრენისას და ა.შ. ფეხების შემაღლებულზე მოთავსებასა და კომფორტული ფეხსაცმლის ტარებას.