რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცალმხრივად 8-9 მაისისთვის „ზავი“ გამოაცხადა და დაიმუქრა, რომ თუკი 9 მაისის აღლუმი „ჩაიშლება“, რუსეთი ცენტრალური კიევის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს წამოიწყებს.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2026 წლის 8-9 მაისს დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების პატივსაცემად გამოცხადდება ზავი. ჩვენ მოველით, რომ უკრაინული მხარე ამ მაგალითს მიჰბაძავს“, - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კრემლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კიევის რეჟიმის მხრიდან იქნება მცდელობები, სისრულეში მოიყვანონ თავიანთი „კრიმინალური გეგმები, რომელთა მიზანიც დიდ სამამულო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ჩაშლაა“, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები პასუხად ცენტრალურ კიევზე მასშტაბურ სარაკეტო იერიშს მიიტანენ.