„ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა იწყება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად გასხვისდა, რომელიც მუნიციპალიტეტის ამჟამინდელმა მთავრობამ გამოისყიდა.

„ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ დაგეგმილი მშენებლობა არ განხორციელდებოდა. დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. მოვახდინეთ ადგილმონაცვლეობა, რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდა მერიას და აღნიშნული ტერიტორია მოსახლეობას დაუბრუნდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კორტები ექსპლუატაციაში 2025 წლის 1-ელი ივლისისთვის შევა.

„აღნიშნული ტერიტორია ისტორიულად საჩოგბურთო კორტებს წარმოადგენდა. 2021 წელს გამოცხადდა აუქციონი, რომელიც მიზნად ისახავდა მიწის ნაკვეთზე საჩოგბურთო კორტების აღდგენასა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას - ჯამში, 5 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას. დღეის მდგომარეობით, მესაკუთრეს მოპოვებული აქვს სამშენებლო ნებართვა და იწყებს მშენებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.