კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ე.წ რუსული კანონი უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეზე და შესულია ძალაში. კანონის მიხედვით ყველა იურიდიულ პირს, რომლის ორგანიზაციაც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებს უცხოური წყაროსგან, ეკისრება ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს იუსტიციის  სამინისტროში, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი.

როგორც „კომერსანტის“ ეთერში იურისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა განმარტა, ორგანიზაციას ეკისრება ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს იუსტიციის სამინისტროში როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარი და რეგისტრაცია გაიაროს ყოველი წლის იანვარში. მისივე განმარტებით, კანონის გარდამავალ დებულებაში ჩადებულია დათქმა, რომ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ, ყველა ის იურიდიული პირი, რომელსაც წინა წელს ჰქონდა 20%-ზე მეტი დაფინანსება უცხოური წყაროსგან, დარეგისტრირდეს იუსტიციის სამინისტროში. 

„კანონი ავალდებულებს დარეგისტრირებას ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც წინა წელს შემოსული ფინანსური შემოსავლების მიხედვით 20%-ზე მეტი დაფინანსება ჰქონდა უცხოური წყაროებიდან. ასევე უნდა დარეგისტრირდეს ყველა მასმედია: იქნება ეს ონლაინ მედია თუ ტელევიზია. აღნიშნულმა ორგანიზაციებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს განცხადებით, საჯარო რეესტრი ორი სამუშაო დღის განმავლობაში არეგისტრირებს ვებსაიტზე ორგანიზაციებს და უქმნის პორტალს, რომ შემდეგ ამ ორგანიზაციებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთონ. 

პირველი არის ის, რომ ორგანიზაციამ და სუბიექტმა ატვირთოს ინფორმაცია მათი ორგანიზაციის  საქმიანობის და პროექტების შესახებ, თუ რას აკეთებენ, ვინ არიან მათი ბენეფიციარები და ა.შ. მეორე არის ფინანსური ნაწილი, სადაც უნდა აიტვირთოს დოკუმენტები იმის შესახებ, თუ რომელი ორგანიზაციისგან მიიღეს დაფინანსება და ვინ არიან მათი ძირითადი დამფინანსებლები და ა.შ. მას შემდეგ რაც  საჯარო რეესტრი გაატარებს რეგისტრაციაში, ორგანიზაციას და სუბიექტს აქვს 10 დღის ვადა იმისათვის, რომ ატვირთოს დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტების ატვირთვიდან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს 30 დღე აქვთ ორგანიზაციის  შესწავლისთვის,“ - აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა. 

ჟორჟოლიანის განმარტებით, აღნიშნული კანონმდებლობით საჯარო რეესტრის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, რომ ორგანიზაციიდან ამოიღოს ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია არა მხოლოდ ამ ორგანიზაციაში დასაქმებულ ადამიანებზე, არამედ მათზე ვინც ამ კომპანიის ბენეფიციარები არიან. გვანცა ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ იუსტიციის  სამინისტროს შეუძლია დაინტერესდეს, თუ რა პროექტები განუხორციელებია ამ ორგანიზაციას, ვისთან ერთად განუხორციელებია და ა.შ. ასევე ვინ იყო ამ პროექტის მონაწილე ფიზიკური პირი. 

„საჯარო რეესტრის წარმომადგენელს აქვს უფლება, რომ მოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს კანონი შეიძლება შეეხოს  ყველას, ძალიან ბევრი კითხვა ისმება ამის  შესახებ. მაგალითად, თუ პირი უცხოურ კომპანიას მიაქირავებს მის საკუთრებაში არსებულ ფართს, ჩაითვლება თუ არა უცხოური ძალის ინტერესის გამტარად, მსგავს  შემთხვევაში პირს არ მოუწევს რეგისტრაცია, მაგრამ ნებისმიერი პირი, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიიღებს გრანტს, იქნება მკვლევარი, მიიღებს რომელიმე პროექტში მუშაობას, თუ სხვა. იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლება ამ ადამიანებზე მოითხოვოს ინფორმაცია, მათ შორის პერსონალურიც. ორგანიზაციის შესწავლის დროს იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლება, რომ ყველა პერსონაზე მოითხოვოს ინფორმაცია.

კანონის წერია, რომ ორგანიზაციის  შესწავლა საჯარო რეესტრის წარმომადგენლის გადაწყვეტილებით იწყება, თუ რეესტრის წარმომადგენელი ჩათვლის, რომ სუბიექტის მიერ ატვირთული დოკუმენტები მისაღებია, ის არეგისტრირებს ორგანიზაციას, თუ არასაკმარისად ჩათვალა, ამ შემთხვევაში ის დაადგენს ხარვეზს და ორგანიზაციას ხარვეზის გამოსასწორებლად ეძლევა 10 დღე. იმ შემთხვევაში თუ სუბიექტმა მისი კომპანიის დარეგისტრირებას თავი აარიდა, მაშინ იუსტიციის სამინისტროს არ აქვს უფლება, რომ კომპანია თავად დაარეგისტრიროს,“ - განაცხადა გვანცა ჟორჟოლიანმა. 

ჟორჟოლიანის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლებამოსილება, რომ კონკრეტული ორგანიზაციის შესწავლა დაიწყოს თავად და დაადგინოს, არის თუ არა ეს კომპანია უცხოური ძალის ინტერესების გამტარი, იუსტიციის უწყებას კომპანიის შემოწმება შეუძლია 6 თვეში ერთხელ, მაგრამ ეს არ არის 1-2 კვირიანი პროცესი, იუსტიციის სამინისტროს შეუძლია, როდესაც მონიტორინგს  დაიწყებს, ერთი თვის ვადაში მთლიანად შეამოწმოს ეს ორგანიზაცია და შემდეგ 6 თვის მერე ხელმეორედ დაიწყოს შემოწმება. 

„იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის სამინისტრო დაადგენს, რომ ორგანიზაცია არის უცხო ძალის ინტერესებს გამტარი და არ არეგისტრირებს საკუთარ მონაცემებს, კანონის მე-9 მუხლი ითვალისწინებს სანქციებს. პირველ შემთხვევაში ეს არის 25 000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო თუ ორგანიზაცია კვლავ არ დარეგისტრირდება, მას დაეკისრება განმეორებითი ჯარიმა 20 000 ლარის სახით.“ - აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა. 

გვანცა ჟორჟოლიანმა მსმენელის კითხვებსაც უპასუხა, ერთ-ერთი ასეთი კითხვა იყო, თუ რამდენად შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის შეჩერება.  გვანცა ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა  ძალიან სწორი მიდგომაა. მისი თქმით, კონსტიტუციის 78-ე მუხლში პირდაპირ  წერია, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებს და  უწყებებს აქვთ ვალდებულება, გაატარონ ყველა ტიპის  ღონისძიება იმისათვის, რომ შეძლონ ქვეყნის დაახლოება ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციებთან. 

„ჩვენ ეს მუხლი გვიდევს საქართველოს კონსტიტუციაში, ამავდროულად ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება  ევროკავშირის დირექტივებს, პლუს ამას ჩვენ გვაქვს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელმაც მიუთითა ხელისუფლებას, რომ კანონი არ არის ევროკავშირის ნორმების და აქტების შესაბამისი, ამდენად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოვითხოვოთ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონის წინააღმდეგ საქმის დაწყება. 

სასამართლოს ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, თუ ეს სარჩელი შევიდა სასამართლოში, სანამ არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული , იქამდე კანონი იქნება მოქმედებაში.“ - აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა.