ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს, წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმების დაჯილდოებაზე, სილეტოს პრიზი – „საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისთვის“ გადაეცა.
„საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მიზანია, ჩამოაყალიბოს ახალი პერსპექტივები ქალაქ ვანის, არქეოლოგიური გათხრების ადგილისა და რელიგიური ცენტრის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მითიურ ოქროს საწმისთან. მისი ახლად რესტავრირებული შენობა 2020 წელს გაიხსნა მუდმივმოქმედი გამოფენებით, რომლებიც ასახავს კოლხეთის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქის არსებობის რვა საუკუნეს. მუდმივი და დროებითი გამოფენების გარდა, მუზეუმი გვთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს და წარმოადგენს კვლევით ლაბორატორიას, როგორც რეგიონის ყველაზე დიდ და ერთადერთ მრავალფუნქციურ საჯარო სივრცეს. ის ასევე არის რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრების ადგილი“, – ნათქვამია წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმების ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.