მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები იცვლება, რასაც პარლამენტის მიერ შესაბამის კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს. იმისთვის, რომ უცხოელმა თანამშრომელმა კანონიერად იმუშაოს, 1-ელი მარტიდან საჭიროა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმება; „შრომითი საქმიანობის უფლება“ და მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ შურღაია აცხადებს, რომ 1-ელი მარტიდან ამოქმედებული რეგულაციის შესაბამისად, იმისთვის, რომ უცხოელი კომპანიამ დაასაქმოს, საჭირო იქნება წინასწარი ნებართვის მოპოვება ჯანდაცვის სამინისტროსგან. პროცედურა ჯამში დაახლოებით 2 თვე გაგრძელდება.

„იმ პირობებში, როცა პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმაც ხაზი გაუსვა, რომ გარკვეულ სფეროებში კადრების მწვავე დეფიციტია, ამ სიახლემ შეიძლება დამატებითი შეფერხება გამოიწვიოს.

გამონაკლისია შემთხვევა, როცა კომპანიას უცხოელი რეგისტრირებული ჰყავს შესაბამის ელექტრონულ ბაზაში. დღეის მდგომარეობით ასეთ ბაზაში დაახლოებით 53 ათასი ადამიანია. ამ პირებს მოთხოვნები 2027 წლის 1-ელ იანვრამდე აქვთ გადავადებული, რათა საბუთები მოაწესრიგონ“, - აცხადებს ვახტანგ შურღაია.

უცხოელთა დასაქმების საკითხის კონტროლი შრომის ინსპექციასა და მიგრაციის დეპარტამენტს ევალება, წესების დარღვევის შემთხვევაში, სანქციები დაეკისრება როგორც დასაქმებულს, ისე დამსაქმებელს და 2 ათას ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ვახტანგ შურღაია დასძენს, რომ უცხოელები ძირითადად მსხვილ სამშენებლო პროექტებზე, ასევე, ტექსტილის საწარმოებში მუშაობენ.

„სამშენებლო პროექტებში უმეტესად დასაქმებულია უცხოელი მუშახელი, თუმცა არა იმიტომ, რომ იაფია, პირიქით, უცხოელის დასაქმება ყოველთვის უფრო ძვირი ჯდება, არამედ მიზეზი კადრების დეფიციტია. ამ რეგულაციით კი უფრო გაძვირდება.

ერთი მხრივ, რეგულაცია უნდა არსებობდეს, მაგრამ მეორე საკითხია, როგორ იმუშავებს რეალურ ცხოვრებაში. იმედი გამოვთქვათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეგულაციის ამოქმედების შემდეგ უფრო აქტიურად იმუშავებს ბიზნესთან შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით, რაც პროცესში წარმოიქმნება“, - განაცხადა ვახტანგ შურღაიამ.