ისტორიული ნივთების მოპარვა და უკანონო ვაჭრობა ჩვენი დროის გლობალური პრობლემაა, ციფრებში ეს მილიარდობით დოლარია და ფასიც გამუდმებით იზრდება. ორგანიზაციულ დანაშაულს ახალისებს და ტერორიზმის დაფინანსებაშიც შეაქვს წვლილი. ამიტომ, მსგავს შემთხვევებთან საბრძოლველად, UNESCO-მ დაარსების დღიდან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტები შეიმუშავა, მათ შორის 1970 წლის კონვენცია კულტურული ქონების უკანონო იმპორტის, ექსპორტისა და საკუთრების გადაცემის აკრძალვისა თუ პრევენციული საშუალებების შესახებ.
უკვე 2020 წლიდან DDB Paris და UNESCO აქტიურად თანამშრომლობენ კულტურული მნიშვნელობის მქონე ობიექტებით ვაჭრობის საკითხზე. მიზანი ახალგაზრდა თაობებში ამ საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლებაა, ამიტომაც შემდეგი კითხვა გაისმა: რა მოხდება თუ მოპარულ კულტურულ ობიექტებს იმერსიული ვირტუალური გამოცდილების საშუალებით გავაცოცხლებთ? და სწორედ ასე დაებადა DDB Paris-ს ვირტუალური მუზეუმის შექმნის იდეა.
UNESCO-მ 4-წლიანი თანამშრომლობის შედეგად, Virtual Museum of Stolen Cultural Objects წარადგინა — მოპარული და დაკარგული ნივთების გალერეა მთელი მსოფლიოდან, ეს კი საუდის არაბეთის, ამერიკის, საბერძნეთისა და კიდევ 45 ქვეყნის დახმარებით მოახერხა.
ხოლო Makemepulse-მა, იუნესკოსთან და მის წევრ სახელმწიფოებთან პარტნიორობით, შეიმუშავა ინოვაციური გენერაციული AI სისტემა, რომელიც მოპარული არტეფაქტების ფოტოებს რეალისტურ 3D მოდელებად გარდაქმნის, ასე კი არამხოლოდ მათი ვიზუალი, არამედ მნიშვნელობაც ცოცხლდება. ნამუშევრები ადამიანთა ყურადღების ცენტრში ექცევა, რაც უკანონო ტრეფიკინგისთვის ბარიერად მიაჩნიათ.
საინტერესოა, რომ მომხმარებლებს მუზეუმში საკუთარი ნივთების გალერეის გაზიარება შეეძლებათ — ხოლო, რაც უფრო მეტი ადამიანი ეწვევა მას და ისაუბრებს მასზე, მით უფრო მეტი ნივთის აღდგენა და მათი კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნება იქნება შესაძლებელი. უკვე აღდგენილი ნივთები კი სპეციალურ Restitution room-ში მოთავსდება — მუზეუმს უკვე თავადაც შეგიძლიათ ესტუმროთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ახალ პერსპექტივას აჩენს: მოპარულ ნივთებს აღქმადს ხდის, ავლენს მათ სიმბოლურ თუ კულტურულ ღირებულებას და აერთიანებს საზოგადოებებს საერთო მემკვიდრეობის ირგვლივ…