„ქართველების ძალიან მცირე პროცენტმა დატოვა ქვეყანა 1992 წლიდან და არა ორმა მილიონმა, ან მილიონ ნახევარმა“, - ამბობს დემოგრაფი მერაბ ხმალაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ექსპერტის თქმით, 1992 წელს, საქართველოს მოსახლეობა 5,400 მლნ იყო, ახლა კი ეს რიცხვი 3,600 მლნ-მდეა შემცირებული. ეს კი გამოწვეულია როგორც მიგრაციის მაჩვენებლით, ისე შობადობის შემცირებით.

„1992 წელს საქართველოში 5,400 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. ახლა ეს რიცხვი 3,600 მლნ-მდეა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 მილიონამდე ადამიანი აღარ არის ქვეყანაში. ეს გამოწვეულია როგორც მიგრაციის წილის ზრდით, ისე შობადობის შემცირებით“, - განაცხადა მერაბ ხმალაძემ.

დემოგრაფი აგრეთვე აღნიშნავს, რომ 90-იან წლებში საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლა უფრო მეტად გაქცევას გავდა, ვიდრე მიგრაციას.

„90-იანი წლების შემდეგ, ადამიანები კი არ მიგრირებდნენ, არამედ გარბოდნენ, თავს შველიდნენ. თავს უშველა ყველამ. ებრაელების რიცხვი თითზე ჩამოსათვლელი დარჩა, მაშინ ასევე ძალიან შემცირდა უკრაინელების და რუსების რიცხვი. ყველაზე ნაკლებად აზერბაიჯანელების და რაც მთავარია, ეთნიკური ქართველების რიცხვი შემცირდა“, - აღნიშნა მერაბ ხმალაძემ.

რესპონდენტის თქმით, ქვეყნის მოსახლეობაში, ქართველთა რიცხოვნობა შემცირდა, მაგრამ ხვედრი წილი 1989 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა. აქედან გამომდინარე, მერაბ ხმალაძე ამბობს, რომ ქართველების ძალიან მცირე პროცენტია წასული ქვეყნიდან და არა 1,5 მლნ, როგორც ხშირად აჟღერებენ მედიაში და ხალხს პანიკაში აგდებენ.

„ქართველთა რიცხოვნობა შემცირდა, მაგრამ ხვედრი წილი გაიზარდა. 1989 წელს, 70%-დან, 2014 წლის აღწერით, 86%-მდე გაიზარდა ქართველთა წილი. ქართველების მაინც ყველაზე მცირე პროცენტია წასული ქვეყნიდან, არა 1,5 მლნ, ან 2 მლნ. ეს სულ არის სტატისტიკის უცოდინარობა და პოპულიზმი, ტყუილად უხეთქავენ გულს ხალხს. კი, წასული ბევრია, მაგრამ პროპორციით თუ ავიღებთ, საქართველოს მოსახლეობის შემცირებაში, ქართველთა მიგრაციის წილი ძალიან მცირეა.“, - თქვა მერაბ ხმალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

bpn.ge