„თუ საარსებო მინიმუმი საერთაშორისო სტანდარტით დაითვლება, გამოვა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ღარიბ-ღატაკებს მიეკუთვნება“, - ამის შესახებ სოციოლოგმა და ეკონომისტმა პაატა აროშიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მიხედვით, საქართველოში საარსებო მინიმუმი ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 26 ლარით, ერთ თვეში კი 5.9 ლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 288.4 ლარი იყო, მაშინ როცა 2024 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 262.4 ლარს შეადგენდა, 2024 წლის ოქტომბერში კი 282.5 ლარს.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, 2025 წლის ნოემბერში 255.4 ლარით განისაზღვრა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 232.4 ლარით, ხოლო 2025 წლის ოქტომბერში 250.3 ლარით.

როგორც პაატა აროშიძე ამბობს, საქართველოში საარსებო მინიმუმი პირობითი ცნებაა და ის თავისი შინაარსით ვერ პასუხობს რეალობას.

„გარდა იმისა, რომ ადამიანს ჩვენთან არსებული საარსებო მინიმუმით განსაზღვრულზე მეტი სჭირდება, ფასებიც მუდმივად ცვალებადია.

საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული იყო და ხელისუფლებები ამას იყენებდნენ მანიპულაციისთვის. თუ ვთქვათ, საარსებო მინიმუმს მაღალ დონეზე დაითვლი, გამოვა, რომ შენ არ გყავს ღარიბ-ღატაკები. თუმცა, თუ საარსებო მინიმუმი საერთაშორისო სტანდარტით დაითვლება, გამოვა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ღარიბ-ღატაკებს მიეკუთვნება.

მართალია, საქართველოში საარებო მინიმუმი ახლა უკეთესი მეთოდოლოგიით ითვლება, ვიდრე ადრე, მაგრამ აქაც ერთი მომენტია, თუ ჩვენ მივიღებთ იმ მოცემულობას, რომ ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 288 ლარია, მოწყვლადი ჯგუფებისთვის, პენსიონერებისთვის კი პენსია საშუალოდ 380 ლარია, ჩაითვლება, რომ საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ პრაქტიკულად არავინ არ დგას. გარდა ამისა, ვიცით, რომ სოციალური დახმარება ამ საარსებო მინიმუმს აღემატება, ამიტომ გამოდის, ჩვენთან ყველაფერი რიგზეა. ეს თეორიული მსჯელობაა, თორემ პრაქტიკულად სულ სხვა სურათია.

მეორე საკითხია რეალურად ერთ სულ ადამიანს ეს თანხა ეყოფა? ყველაზე მეტი ტვირთი რაზეც მოდის - ეს არის კვება, მედიკამენტები და კომუნალური გადასახადები. ამასთან, ვიცით, რომ ფასები მუდმივად ცვალებადია, მათ შორის, კომუნალურებზეც კი, სეზონურობის მიხედვით. ამიტომ, საბოლო ჯამში, ის თანხა, რომელიც საარსებო მინიმუმით არის განსაზღვრული ვერ იქნება ვერანაირად პრაქტიკულ რეალობასთან მიახლოებულიც კი“,- ამბობს პაატა აროშიძე.

კითხვაზე როგორი ითვლება საერთაშორისო სტანდარტით საარსებო მინიმუმი და რეალურად რამდენჯერ მეტი უნდა იყოს, სოციოლოგი პასუხობს:

„ჩვენთან საარსებო მინიმუმში ძირითადი ადგილი უკავია სასურსათო კალათას, შემდეგ მოდის კომუნალურები და მედიკამენტები. თუ გადავხედავთ საერთაშორისო დათვლებს, აქ ყველაფერი გათვალისწინებულია, კურორტზე დასვენებაც კი, თუნდაც თვეში ერთხელ ღვინის მიღება, გართობა, რომელიც მიჩნეულია, რომ აუცილებელი პირობაა ადამიანის შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად და ა.შ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენი უნდა იყოს რეალურად - აქ თუ ვინმე იტყვის, რომ 2-ჯერ, ან 3-ჯერ მეტი, მანიპულაცია იქნება. იმიტომ, რომ არსებობს დადგენილი სტანდარტები ვინ არის ღარიბი, ღატაკი და ა.შ. მაგალითად, თუ ადამიანს დღეში მინიმუმ 5 დოლარის შემოსავალი არ აქვს (თვეში 150 დოლარი), ის ღარიბ ადამიანად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ, ერთიანი თარგით მიდგომა, არასწორია. სხვადასხვა რეალობა უნდა იყოს გათვალისწინებული“,- ამბობს პაატა აროშიძე.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი