2 დეკემბერს, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის 2023 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა და გალა-ვახშამი გაიმართა.

ოფიცაილური ანგარიშის წარდგენამდე სტუმრებს სიტყვით მიმართა ფონდის და კომპანია სილქნეტის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა - „ჩვენო საამაყო ბიჭებო, მინდა მოგესალმოთ და უდიდესი მადლიერება გამოვხატო თქვენს მიმართ. 2018 წელს ეს ფონდი დავაარსეთ, იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიგვეპყრო დაჭრილი მებრძოლებისადმი. მიხარია, რომ ეს ყურადღება ყოველწლიურად იზრდება, და არა მხოლოდ ფინანსურად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანთა კავშირს. ჩვენ პარიტეტულად, კერძო ბინზესი და სახელმწიფო, ვაფინანსებთ ამ წამოწყებას. დიდი მადლობა მოკავშირე ქვეყნების ელჩებს და ატაშეებს, მათი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. 15 დეკემბერს ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც მთელი ქვეყანა მოუთმენლად ველოდებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითი იქნება. თუ ასე მოხდა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ლომის წვლილი ამ საქმეში, თქვენ გეკუთვნით ბიჭებო“.

2023 წლის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ფონდის გენერალურმა დირექტორმა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანმა, ვახტანგ გორგასლის ორდენისა და ღირსების ორდენის მფლობელმა დავით მამულაიშვილმა:

„ჩვენი ფონდი მხარში უდგას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მებრძოლ და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2023 წელს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ შემოწირულობამ 587 000 ლარი შეადგინა, საიდანაც 60 ბენეფიციარმა მიიღო დაფინანსება: საზღვარგარეთ მკურნალობაზე, პროტეზირებაზე, სამედიცინო კვლევებზე, მედიკამენტებზე, რეაბილიტაციის კურსებზე. ფონდმა ასევე გამოყო სახსრები ბენეფიციართა არასრულწლოვანი შვილების და მეუღლეების საჭიროებებზე. თითოეული ჩვენთაგანის ვალია გვერდში დავუდგეთ ჩვენს გმირებს და მათ ოჯახებს. “

2023 წელს ფონდმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ფონდის ბენეფიციარების მეუღლეების პროფესიული გადამზადების შესაძლებლობების მოძიებას . ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხების დაგეგმვისას ფონდი თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. ბრიტანეთის საელჩომ დააფინანსა ფონდის ბენეფიციართა არასრულწლოვანი შვილების ინგლისური ენის შემსწავლელ კურსები. ეს ინიციატივა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ელჩები, სამხედრო ატაშეები, ნატოს სამეკავშირო ოფისის წევრები, სამხედრო მოსამსახურეები, ბიზნესმენები და საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მინდა მადლობა გადავუხადო ფონდს და სილქნეტს. თქვენ ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებთ. ფონდთან ერთად გვაქვს სამომავლო ინიციატივები და გვსურს ჩავრთოთ დაჭრილი მებრძოლები სოციალურ პროექტებში. სოციალური და სამოქალაქო ვალდებულება - საუკეთესო საშუალებაა გვერდში დავუდგეთ დაჭრილ მებრძოლებს და დაღუპული გმირების ოჯახებს“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ფონდის მთავარი დონორი, კომპანია სილქნეტი, ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს ფონდის ანგარიშზე. ფონდის მსხვილ შემომწირველებს შორის არიან საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, ბიზნეს ასოციაცია, ამერიკული Silk Road Wines Foundation Inc, არქი პრომოუშენი, სილქ ჰოსპიტალიტი და სხვა ორგანიზაციები და კერძო პირები.