2024 წელს საქართველოდან ცხვრის გაყვანის ერთგვარი ბუმი რუმინეთში გაჩენილმა დაავადებამ გამოიწვია, წელს ქართულ ცხვარზე ნაკლები მოთხოვნაა, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა. მისივე ინფორმაციით, წელს ქართული ცხვრის ფასიც დაკლებულია.
ბექა გონაშვილის ვარაუდით, ბაზარი 2026 წლისთვის დასტაბილურდება.
„ქართულ ცხვარზე წელს ნაკლები მოთხოვნაა, რადგან ძირითადად შარშანდელი ბუმი გამოიწვია იმან, რომ რუმინეთში დაავადება გაჩნდა და ქვეყანა ამ მიმართულებით დაკეტილი იყო. წელს დაავადება აღარ არის და არაბებიც ჩვენთან ნაკლებად ჩამოვიდნენ. შესაბამისად, რეალიზაცია ნელი ტემპებით მიდის.
ფასის ვარდნას რაც შეეხება, ეს გამოიწვია არა მხოლოდ რუმინეთმა, არამედ სირიამაც, საიდანაც დიდი ბაზრები: საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი და ასე შემდეგ, აქამდე ცხვარს ვერ ყიდულობდნენ, ახლა კი ამის შესაძლებლობა მიეცათ. მომავალ წელს ფასებიც მოიმატებს და ბაზარიც შედარებით უფრო დასტაბილურდება“, - ამბობს ბექა გონაშვილი.