„წელს 39 ათასი აბიტურიენტი აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებს, არადა 5 ათასი არის მაქსიმალური რაოდენობა სტუდენტების, რაც საჭიროა,“ - ამის შესახებ აკადემიკოსმა ზურაბ ვახანიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მანვე იმ პროფესიებზეც ისაუბრა, რომლის სიჭარბე და ნაკლებობაც არის დღესდღეობით ქვეყანაში.

„მაგალითისთვის რომ გითხრათ, კომუნისტების დროს ახალგაზრდების რაოდენობა ორჯერ და კიდევ უფრო მეტიც იყო. მაშინ სტუდენტი ხდებოდა საშუალოდ 8000 აბიტურიენტი. ასე რომ, 5000 არის მაქსიმუმი, რაც დღეს ნორმალურ საზოგადოებას შეიძლება სჭირდებოდეს. საქმე იმაშია, რომ არც პროფესორ-მასწავლებლები გვყავს ჩვენ იმ რაოდენობით. ამდენ სტუდენტს ვინ უნდა ასწავლოს?!“ - აღნიშნა მან.

აკადემიკოსმა ის სპეციალობებიც ჩამოთვალა, რომელზეც დღეს ბევრი აბარებს, თუმცა ამის საჭიროება არ არის. ამის პარალელურად კი, როგორც ვახანია აღნიშნავს, არის სპეციალობები, რომლებიც თანდათან ქრება, რადგან მოთხოვნა აღარ არის.

„ფაკულტეტი, რომელზეც საშინელება ხდება და რომელზეც ყოველწლიურად უამრავი აბიტურიენტი აბარებს, არის იურიდიული. წარმოიდგინეთ, რამდენი ათასი სამუშაო ადგილი უნდა გამოჩნდეს ყოველწლიურად, რომ რამდენიმე ათასი კურსდამთავრებულის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს?!

სამაგიეროდ, მკვეთრი ნაკლებობაა იმ სპეციალობებში, რომლებიც მართლა საჭიროა, მათ შორის ისეთ ტრადიციულ დარგებში, როგორიცაა ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ისტორიაც კი. ეს სპეციალობები ქრება. მალე დადგება დრო, როცა არ გვეყოლება დიპლომიანი მასწავლებლები, რადგან ამ მიმართულებით სწავლა პოპულარული აღარ არის. ჩვენ ძალიან გვჭირდება აგრონომები, ვეტერინარები, ინჟინრები და ა.შ. უბრალოდ აქ მართლა სწავლაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ დიპლომი აიღო. დიდი განსხვავებაა ამ ორ ცნებას შორის.

სამწუხარო ფაქტი მოხდა ორი წლის წინ: საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ვაკანსია იყო გამოცხადებული ერთ-ერთი კომპანიის მხრიდან, რომლებიც ინჟინერს და ბიოლოგს ეძებდნენ. ვერცერთმა ქართველმა ვერ გაიმარჯვა კონკურსში, რადგან იქ მართლა საქმის გამკეთებელი სჭირდებოდათ და ორივეგან მიიღეს უცხოელი, რადგან სათანადო განათლებით ვერ აღმოჩნდა ქართველი. ეს სამწუხარო მაგალითი არის დღევანდელობის მკაფიო გამოხატულება - იმდენად სავალალოა სიტუაცია განათლებაში, რომ ქართველები საქართველოშიც ვეღარ უწევენ კონკურენციას უცხოელებს და ეს დიდი კრიზისია,“ - განაცხადა ზურაბ ვახანიამ.

აკადემიკოსი აღნიშნავს, რომ ქართველები ჯერ კიდევ ვერ მივიდნენ იმ შეგნებამდე, რომ უცოდინრობაში ფული არ უნდა გადაიხადონ.

„ევროპელობა კი გვსურს, მაგრამ სტუდენტებიც ვერ მივიდნენ იმ შეგნებამდე, რომ სისულელეა, უცოდინრობაში იხდიდე ფულს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არ გყავს ძლიერი მფარველი, რომელიც ნეპოტიზმით მიგიღებს სამსახურში. პრობლემა მოდის სკოლიდან და ოჯახიდან. საზოგადოებას მცდარი შეხედულებები აქვს, რადგან ოჯახმაც უკრიტიკოდ გაიზიარა საზოგადოებაში მოარული შეხედულებები და სტერეოტიპები. მერე ეს დამოკიდებულება ახალგაზრდაზეც გადადის, ასე რომ საზოგადოებამ უნდა შეიგნოს და ამ კუთხით ევროპას უნდა მივბაძოთ.

ზოგადად, რაც მისაბაძია და ასეთი ბევრია, ევროპას უნდა მივბაძოთ. ევროპელი ახალგაზრდა, რომელიც მისაღებ გამოცდებში ვერ მოაგროვებს საჭირო ოდენობის ქულებს, ხვდება, რომ არ არის მზად ამ პროფესიის დასაუფლებლად. მაგრამ ქართველი 4 წელი ტყუილად „ისწავლის“, თან იცის, რომ სპეციალისტი ვერ გახდება, ხარჯავს ფულს და ეს საკმაოდ არაპრაგმატული საქციელია, რადგან თავიდანვე იცი, რომ წამგებიანია ეს მიდგომა. ეს იგივეა, ექიმს ანალიზებში ჩაწყობით ჩააწერინო ის პასუხი, რაც გაწყობს და არა ის, რაც რეალურად არის,“ - განაცხადა ზურაბ ვახანიამ „ბიზნესპრესნიუსთან“.

www.bpn.ge