თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი 2023 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა და ამ ხნის განმავლობაში 5 პროექტი განახორციელა. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“, ფონდის დირექტორმა ლიკა ჭკუასელმა განმარტა, ფონდის იდეა თანამედროვე ხელოვნების რაც შეიძლება ფართო აუდიტორიამდე მიტანაა და მნიშვნელოვანია, რომ ეს საჯარო სივრცეებში ხელოვნების განთავსებით გაკეთდეს.
გაზაფხულიდან მოყოლებული ფონდმა პროექტები განახორციელა 300 არაგველისა და ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, ასევე გლდანისა და მუხიანის კვეთაზე არსებულ სკვერში, ასევე რუსთაველის მეტროში. განხორციელებული პროექტების შესახებ გადაცემაში ლიკა ჭკუასელმა დეტალურად ისაუბრა:
„პირველი პროექტი აგვისტოს თვეში განხორციელდა. მაშინ კონკურსი მეტრო 300 არაგველის ზედა ვესტიბიულზე განსათავსებელი ნამუშევრისთვის გამოვაცხადეთ და გაიმარჯვა ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის „ქართულმა ორნამენტმა“; მეორე პროექტი იყო მოქანდაკე დავით ანთიძის ქანდაკება, რომელიც პორტუგალიურ კირქვაშია შესრულებული და მეტრო ავლაბრის მოპირდაპირე მხარეს დგას; მესამე - გლდანის და მუხიანის კვეთზეა, სადაც ძალიან ლამაზი სკვერია, რომელიც ნაძვებითაა გამწვანებული. იქ ნატო ბაგრატიონის პროექტმა გაიმარჯვა - „ყვავილები ყველასათვის ხელმისაწვდომია“. ყვავილები სამშენებლო მასალისგან და ბრეზენტისგანაა დამზადებული, იმ მასალისგან, რასაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ“, - ამბობს ლიკა ჭკუასელმა.
ფონდის კიდევ ერთი ნამუშევარი, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის მეტროს ესკალატორზე გამოჩნდა. ეს არის კონსტრუქცია, რომელიც ანათებს და ხმას გამოსცემს. ლიკა ჭკუასელის თქმით, პროექტის მთავარი იდეა იყო, რომ ესკალატორზე მდგარ ადამიანს მოესმინა მუსიკა და ამ ურბანულ არქიტექტურულ გარემოში ხმოვანი ხელოვნება შეჭრილიყო.
„რუსთაველის მეტროსადგურში ყველაზე გრძელი ესკალატორია, სადაც 2 წუთი და 10 წამი გიწევს დგომა. ჩვენმა ფონდმა კონკურსი გამოაცხადა Sound Art-ზე, ანუ მუსიკალური ნაწარმოების შექმნაზე და 3 გამარჯვებული გამოვავლინეთ. ესენი არიან: ნინო დავაძე, თორნიკე მარგველაშვილი და ნიკა ჯაფარიძე. გამოწვევა გვქონდა ასეთი, რომ ესკალატორზე მდგარ ადამიანს მოესმინა მუსიკა და ამ ურბანულ არქიტექტურულ გარემოში შეჭრილიყო ხმოვანი ხელოვნება. იმისთვის, რომ გაგვეჟღერებინა მუსიკა, მნიშვნელოვანი იყო, სად მოთავსდებოდა დინამიკი, ამაზე ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა იმუშავა და ძალიან საინტერესო კონსტრუქცია შექმნა. სანათი-დინამიკი ანათებს, ხმა აქვს და ძალიან ჰგავს იმ სანათებს, რომელიც იქ ძველად იყო და ახლა აღარ არის. თან 3 კომპოზიცია ჟღერს. მგონია რომ საინტერესო და სასიამოვნო სიახლეა მათთვის, ვინც მეტროთი გადაადგილდება“, - განაცხადა ლიკა ჭკუასელმა.
მისი თქმით, ნამუშევრისთვის ადგილების შესარჩევად მნიშვნელოვანია, რომ იქ ყოველდღიურად ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდეს, რადგან ფონდის მიზანია, რომ თანამედროვე ხელოვნება მიიტანოს იქ, სადაც ბევრი ადამიანია. გარდა ამისა, საჯარო სივრცეში თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრის გამოჩენა ადამიანების გემოვნებაზე აისახება და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მისივე თქმით, მსგავსი პროექტებით საჯარო სივრცეებს უფრო მეტი მნიშვნელობა ეძლევა, რადგან ხელოვნება ფიქრის, დისკუსიის და ბევრი რამის გადააზრების საშუალებას იძლევა.
„მეტრო 300 არაგველის არქიტექტურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული მიმდინარეობის - მინიმალიზმის ძეგლია, რომელიც ნამდვილი განძია ამ მხრივ. ამიტომ, გვინდა ასეთი ადგილები გამოვიყენოთ როგორც სამუზეუმო სივრცე და ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის გადააზრება მოხდეს“, - ამბობს ლიკა ჭკუასელი.
გადაცემის წამყვანის, ლევან კობერიძის თქმით, ქალაქის, როგორც ბრენდისთვის ძალიან საინტერესოა, რომ ხელოვნება შეიძლება გახდეს ქვეყნის და ქალაქის ბრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილი და მსგავსი ტიპის აქტივობები შეიძლება ბევრი შემოქმედებითი ადამიანისთვის შთაგონების წყარო გახდეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტებს. ლიკა ჭკუასელის თქმით, პროექტით მერია მალევე დაინტერესდა და იმ დღიდან მოყოლებული მათგან ხელშეწყობას და კეთილგანწყობას გრძნობს.
„მარტივად მოხდა ამ თემის მერთან მიტანა. არ ვიცნობდი, ისე გადავეცი პროექტის შესახებ. ეს კორონას დროს მოხდა, მაშინ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი რომც გვქონოდა, დაკეტილი იქნებოდა და აქედან წამოვიდა იდეა, რომ ქუჩაში და გარე სივრცეში წარმოგვედგინა ნამუშევარი. შევუთვალე იდეა და პირველი რაც მან თქვა იყო - „ჟღერს საინტერესოდ, კარგად გავიაროთ, შევხედოთ, რისი შესაძლებლობა გვაქვს და თუ რამე შემიძლია აუცილებლად ხელს შეგიწყობთ“. მერე 1 წელი დავამუშავეთ ეს იდეა მერის მოადგილე ანდრო ბასილაიასთან ერთად და ხელშეწყობის, კეთილგანწყობის და ღიაობის გარდა არაფერი მათგან არ ყოფილა. მესამე პროექტზე ვიმუშავეთ მეტროში და ასევე იმ ხალხისგან, ვინც იქ მუშაობს, არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა. არ ველოდებოდი, რომ ასეთი ჩართულობა და ღიაობა იქნებოდა თანამედროვე ხელოვნების მიმართ“, - ამბობს ლიკა ჭკუასელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ლიკა ჭკუასელის თქმით, 2024 წლის იანვრის ბოლოს ზაარბრიუკენის მოედანზე გიორგი ხანიაშვილის ქანდაკება დაიდგმება. გეგმავენ ასევე ქანდაკების პარკის მოწყობას, რომელიც სავარაუდოდ 2024 წელს ვერ მოესწრება.
„გამოვაცხადებთ ახალ კონკურსებს, შევარჩევთ ადგილებს, დაიდგმება ახალი ნამუშევრები, დაიწერება ახალი რეცენზიები, ბევრად უფრო ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო პროგრამას განვახორციელებთ, რომელშიც ბევრი საჯარო სკოლა, ბაღი, კერძო სკოლა და უნივერსიტეტი ჩაერთვება. მთლიანობაში ვგეგმავთ, რომ მომავალ წელს 4-დან 6 ახალი პროექტი განვახორციელოთ“, - განაცხადა ლიკა ჭკუასელმა.