დედაქალაქის მსგავსად, ტაქსის ლიცენზიის გაცემა სხვა თვითმმართველ ქალაქებსაც შეეძლებათ - ამას ითვალისწინებს პარლამენტში ქართული ოცნების წევრების მიერ წარდგენილი კანონპროექტი.
დოკუმენტის თანახმად, შესაბამისი ლიცენზიების გაცემის უფლება ექნებათ თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებს. აღსანიშნავია, რომ ამ კანონში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველ ქალაქებს სსიპ-ების დაფუძნების უფლება ექნებათ.
„საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვროს, რომ თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, გასცენ ნებართვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა და მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის თაობაზე.
თვითმმართველ ქალაქს მიენიჭება უფლებამოსილება, სანებართვო საქმიანობის განხორციელებისას დააწესოს ნებართვის გაცემის საფასური. სსიპ-ების დაფუძნების შედეგად, გაჩნდება დაჩქარებული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რომლის საფასურიდან მიღებული შემოსავალიც მიემართება სსიპ-ის ბიუჯეტში, ხოლო კანონით დადგენილი მოსაკრებლები - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.