სურამის ტყეში ვანდალური ფაქტი კერძო პირმა ჩაიდინა, რომელიც კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება, ამის შესახებ „მოზაიკასთან“ხაშურის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა სერგო ლალიაშვილმა განაცხადა.

“ხეები მერიას არ ჩაუბეტონებია. ეს რამდენიმე დღის ამბავია, ალბათ 3 დღის წინ ჩაიდინა კერძო პირმა ეს ვანდალური ფაქტი და ის აუცილებლად სამაგალითოდ დაისჯება,” – აცხადებს სერგო ლალიაშვილმა.

მერიის წარმომადგენლის თქმით, ფაქტის შესახებ მათ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან გაიგეს და მომხდარის შესასწავლად, ადგილზე ზედამხედველობის სამსახური გაგზავნეს.  “მოზაიკას”  ინფორმაციით, მომხდარ ფაქტს  ზედამხედველობის სამსახურშიც ადასტურებენ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის შოთა კუჭაიძის თქმით, ხეები სატყეო ტერიტორიაზეა ჩაბეტონებული.

“ეს არის სატყეო ტერიტორია. კონკრეტულად ვინ ჩაიდინა, ამას ვერ გეტყვით, თუმცა ჩამდენი დაჯარიმდება”, – აღნიშნა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.



mozaikanews.ge