„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა", „ღირსეული შრომის პლატფორმასთან" თანამშრომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელი, რომლითაც შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული ინსპექტირებების შესახებ ინფორმაციის სრულად გაცემას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ „ღირსეული შრომის პლატფორმა“ ავრცელებს.

„შრომის ინსპექციის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ინსპექციამ დაიწყო დამსაქმებლების შესახებ ინფორმაციის რედაქტირება იმ ანგარიშებში, რომელსაც „ღირსეული შრომის პლატფორმა" პერიოდულად ითხოვდა. პლატფორმა ინსპექციიდან მიღებულ ანგარიშებს „შრომის უფლების მონიტორის" გვერდზე ათავსებდა, რითაც შესაძლებელი ხდებოდა შემოწმებული საწარმოს შესახებ ინფორმაციის მიღება. აღნიშნული მონიტორის მიზანი ინსპექციის მუშაობის გარშემო გამჭვირვალობის გაზრდა და საბოლოო ჯამში სააგენტოს ეფექტურობის გაუმჯობესებაა, რასაც ინსპექციის მიერ ანგარიშების დაშტრიხვით მოწოდება, საფრთხეს უქმნის.

მიგვაჩნია, რომ დამსაქმებლის შესახებ ამ ინფორმაციის დამალვა მკვეთრად აუარესებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას  საქართველოში, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვაზე.“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.