მერაბ დვალიშვილი თბილისშია და მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. UFC-ს ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა გულშემატკივრებს ემოციური დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო ბრძოლებთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა.
„ჩემთვის მთავარი იყო, რომ ერთხელ მაინც მომეგო ქამარი. ბევრი კარგი მებრძოლია, ვინც ეს ვერ შეძლო. მინდა, ყველაფერი გავაკეთო და ის არავის დავუთმო.
რაც შეეხება დარბაზის აშენებას, სახელმწიფოსგან მიღებული მილიონი ლარის ამ კუთხით დახარჯვა მსურს და ამ საკითხზე ვმუშაობ. სამწუხაროდ, ჩამოსვლისას ცოტა დრო მქონდა, ხომ ხვდებით, ეს საკითხი იოლად ვერ მოგვარდება. თუმცა შევეცდები, საქართველოში ამ სახეობის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
მერაბ დვალიშვილმა 2024 წლის 14 სექტემბერს მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. 2025 წლის 18 იანვარს ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა – მან რუსეთის სახელით მოასპარეზე, მანამდე დაუმარცხებელი უმარ ნურმაგომედოვი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ამასთან, ქართველმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი გააუმჯობესა – მას UFC-ს ისტორიაში მეტოქე მიწაზე (თეიქდაუნი) ყველაზე მეტჯერ, 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი.
მერაბ დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 23 შეხვედრიდან 19 მოიგო და 4 დათმო. უმარ ნურმაგომედოვთან მოპოვებული გამარჯვება მისთვის ზედიზედ მე-12 იყო.