ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამამ თავის თავი ამოწურა და პირდაპირ ამბობს, რომ პროგრამა ვერ შედგა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო და რა ჩანაფიქრიც არსებობდა.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ვატო სურგულაძე აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამა აბსოლუტურად მიუღებელია და კლინიკებს განვითარების საშუალებას არ აძლევს.
„შემოიღეს გადახდის მეთოდი, რომელიც წლიდან წლამდე არ იცვლება. წარმოიდგინეთ, რასაც იხდიდნენ კონკრეტულ დაავადებაში 2019, 2020, 2022 წლებში, იგივე ფასებია ახლაც. 500 ლარი 2020 წელს და 500 ლარი დღეს აბსოლუტურად სხვადასხვა თანხაა, როცა ყველაფერი ძვირდება, კვებიდან დაწყებული მედიკამენტებით დამთავრებული. ექიმი ან ექთანი, რომელიც იმაზე ფიქრობს, სახლში საჭმელი როგორ მიიტანოს, ან საბავშვო ბაღის ფული როგორ გადაიხადოს, ვერ იქნება პაციენტზე სრულყოფილად ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები ჩაატარეს, შემოიღეს რაღაც სტანდარტები ყველა კლინიკისთვის, ამით არაფერი შეცვლილა. თუ არ იქნება ადეკვატური დაფინანსება, თუ არ იქნება ყოველწლიური ექიმების, ექთნებისა და მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურების ზრდა, ვერაფერს მივაღწევთ. ამიტომ გარბის ქვეყნიდან სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებით - ექთნები“, - აცხადებს ვატო სურგულაძე.
რაც შეეხება გამოსავალს, ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, საჭიროა პროგრამის შეცვლა, მათ შორის, კერძო კომპანიების ჩართვა, თუმცა, არა ძველი პრაქტიკით.
„უნდა ჩაერთონ კერძო სადაზღვევო კომპანიები, ოღონდ არა ისე, როგორც „ნაციონალების“ დროს, როცა სასწაულები ჩაიდინეს და პრაქტიკულად, სახელი გაუფუჭეს კერძო სადაზღვევო ინდუსტრიას. სისტემა უნდა შეიქმნას ქვეყანაში, რომელიც მუდმივად განვითარებადი, მუდმივად ადეკვატური იქნება მომუშავე პერსონალთან მიმართებაში. მე-7 წელია, ჯანდაცვის ანგარიში არ გამოუქვეყნებიათ. რომ გამოაქვეყნონ, ყველა დაინახავს, რომ არც ეფექტიანია და არც - ეფექტური“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.