2023 წლის მაისის მდგომარეობით, 254 333 ბავშვი საარსებო შემწეობის მიმღებია, რაც არასრულწლოვნების საერთო რაოდენობის 28.3 % - ია. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ყოველი მესამე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს. ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აქვეყნებს.

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობა 146.3 % - ით გაიზარდა.

გარდა ამისა, 341 002 ბავშვი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზაშია რეგისტრირებული, რაც ბავშვების საერთო რაოდენობის 38 % - ს შეადგენს.

„ზრდასრული სოციალურად დაუცველი პირებისგან განსხვავებით, სოციალური შემწეობის მიმღები ბავშვების მიმართ მთავრობის პოლიტიკაში პერიოდულად პოზიტიურ ცვლილებებსაც ვხედავთ. მაგალითისთვის, 16 წლამდე ბავშვებისთვის გაიზარდა საარსებო შემწეობის მიღების ქულათა ზღვარი და ამჟამად ამგვარ ზღვარს 120 000 ქულა წარმოადგენს; ასევე, იზრდება არასრულწლოვნების ყოველთვიური გასაცემელი - 2023 წლის ივლისიდან ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ბავშვზე სოციალური შემწეობა 200 ლარით განისაზღვრება.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საარსებო შემწეობის სისტემის მიღმა სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება. მაგალითად:

  • 2018 წელს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ბავშვთა მიზნობრივი შემწეობის პაკეტი არასრულწლოვნების ყველაზე ღარიბი მეათედის მხოლოდ 43 %-მდე აღწევდა;
  • გაეროს ბავშვთა ფონდის მიხედვით, 2019 წლისთვის, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების მხოლოდ 37 %-ს მოიცავდა. ფონდის 2023 წლის ანგარიში მიუთითებს, რომ სოციალური შემწეობის სისტემის მიღმა მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების 47 % არის დარჩენილი“, - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.