2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2024 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2025 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46.9 პროცენტი შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 47.3 პროცენტსა და 46.3 პროცენტს შეადგენს.
2025 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით. წინა წელთან შედარებით 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში, შესაბამისად 3.1, 2.9 და 2.0 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო კაცებში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.