ივნისში საქართველოში დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო ფართობების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Business Georgia-ზე დაყრდნობით Eastfruit-ი წერს.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილის თქმით, ამ დროისთვის 17 300 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთია დაზღვეული.
„ინდიკატორის ზრდა ნიშნავს, რომ ფერმერები უფრო აქტიურები არიან. ამის ერთ-ერთი წინაპირობა ისაა, რომ სახელმწიფო ჩართულია გადახდების დაფინანსებაში. კერძოდ, პროგრამის დასაწყისშივე, რამდენიმე წლის წინ, თანადაფინანსება მხოლოდ მევენახეობას ეხებოდა და 50%-ს შეადგენდა, ახლა ყველა სფეროს ეხება თანადაფინანსება 70%-ია. დაზღვევა ძალიან აქტუალური საკითხია, რადგან საქართველოში ხშირად ხდება სხვადასხვა სახის სტიქიური უბედურებები, რომლებიც მოსავალს ანადგურებს “, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ზოგადად, საქართველოში სტიქიური უბედურებები ყველაზე ხშირად აპრილ-მაისშია.
„წლის ამ პერიოდში ხშირია სეტყვა და წყალდიდობები. ამიტომ, მნიშვნელოვანია მეტი ფერმერის დაზღვევა. ვინც ჯერ არ არის დაზღვეული, ვურჩევდი აუცილებლად მიმართონ სადაზღვევო კომპანიებს. თუმცა, გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ სტიქიური უბედურებები ხდება აგვისტოსა და სექტემბერში და უმჯობესია არ დაკარგოთ ის მოსავალი, რომელიც შემოდგომაზე უნდა მიიღოთ. ამიტომ, დაუკავშირდით სადაზღვევო კომპანიებს, იყიდეთ სადაზღვევო პოლისი და სახელმწიფო ხარჯების 70%-ს დააფინანსებს “, - აღნიშნა ნატალია ხარატიშვილმა.
სოფლის მეურნეობის დაზღვევის პროგრამაში მონაწილე ფერმერები 70%-იან თანადაფინანსებას იღებენ. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰექტარამდე ფართობი, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში - 50 ჰექტარი. გარდა ამისა, შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა მოსავლის დაზღვევა.