საქართველოში 23908 ექიმია (სტომატოლოგების ჩათვლით), 2021 წელს კი მათი რიცხვი 22490-ს შეადგენდა, 2020-ში - 25429-ს. შესაბამისად, ამ ეტაპზე 100 ათას მოსახლეზე 644.0 ექიმი მოდის. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში „ჯანმრთელობის დაცვა- საქართველო 2023“, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

რაც შეეხება ექთნებს, მათი რიცხვი 22029-ია. წინა წლებში ქვეყანას უფრო მეტი ექთანი ჰყავდა -- 2021 წელს მათი რაოდენობა 22078, 2020-ში კი 22126 იყო.

100 ათას მოსახლეზე 593.4 ექთანი მოდის.

ანგარიშის თანახმად, ამ ეტაპზე საქართველოში 17948 ჰოსპიტალური საწოლია ანუ 100 ათას მოსახლეზე 483.4, საიდანაც საშუალოდ მხოლოდ 167.2-ია დატვირთული.

ქვეყანაში 268 სტაციონარული დაწესებულებაა, წინა წელს მათი რიცხვი 269, 2020 წელს კი 265 იყო. ქვეყანაში 2284 პოლიკლინიკაა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის, ევროკავშირის და დსთ ქვეყნების მაჩვენებლებს. ექთნებით უზრუნველყოფის მაჩვენებლები კი თითქმის ყველაზე დაბალია ევროპის რეგიონის და დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით.

ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-2.7 ექთანი მოდის და ამ მაჩვენებლის ზრდა პოზიტიურ ტენდენციად არის მიჩნეული. საქართველოში ეს მაჩვენებელი 0.98-ს შეადგენს.