2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3.736 მლნ კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
2022 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799) და დადებითი მიგრაციული სალდო (54 509).
„საქსტატის“ ინფორმაციით,2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.8 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6 პროცენტს.
2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 793.8 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 942.5 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.
სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.