ყაზახეთში უვიზოდ მოგზაურობის წესები იცვლება. 2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან ქვეყანაში შესვლის მსურველ უცხოელებს, რომლებიც უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, ელექტრონული შესვლის ნებართვის — ETA-ს მიღება წინასწარ მოუწევთ. ამასთან, ნებართვის გაცემა ფასიანი გახდება.

ახალი სისტემა QazETA 25 აგვისტოდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. 1-ელ ნოემბრამდე ETA-ს არქონის გამო უცხოელს ქვეყანაში შესვლაზე უარს არ ეტყვიან, თუმცა გააფრთხილებენ, რომ შემდგომი ვიზიტისას შესაბამისი ნებართვის გარეშე საზღვრის გადაკვეთა აღარ იქნება შესაძლებელი.

ახალი მოთხოვნა ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომელთა მოქალაქეებსაც ყაზახეთში ვიზა არ სჭირდებათ. მათ შორის არიან საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ბელარუსის, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები.

რა იცვლება მოგზაურებისთვის

  • ETA წინასწარ უნდა გაფორმდეს — განაცხადის წარდგენა QazETA-ს პლატფორმაზე საზღვრის გადაკვეთამდე არაუგვიანეს 72 საათისა იქნება საჭირო.
  • უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება — ETA ვიზა არ არის და მისი მიღება ყაზახეთში უვიზოდ ყოფნისთვის დადგენილ ვადას არ ცვლის.
  • ნებართვა ფასიანი იქნება — წინასწარი გაფორმების შემთხვევაში საფასური დაახლოებით 3 900 ტენგეს (დაახლოებით 9 დოლარი), ხოლო საზღვარზე გაფორმებისას დაახლოებით 7 600 ტენგეს (დაახლოებით 17 დოლარი) შეადგენს.
  • სისტემა ეტაპობრივად ამოქმედდება — თავდაპირველად მოთხოვნა ავიამგზავრებზე გავრცელდება, მოგვიანებით კი ETA საჭირო გახდება სახმელეთო და სარკინიგზო გზით ყაზახეთში შესვლისასაც.

ახალი წესი არ შეეხება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებსა და ოფიციალური დელეგაციების წევრებს.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის მოქმედი შეთანხმების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს კვლავ აქვთ უფლება, ყაზახეთში შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და ქვეყანა დატოვონ შესაბამისი სასაზღვრო-გამტარი პუნქტების გავლით. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ ყოფნის მაქსიმალური ვადა 90 დღეა საზღვრის გადაკვეთიდან.