„საქართველოს მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების მაჩვენებელი 2020 წელს 42%-ით გაიზარდა,“ - ამის შესახებ მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს 2021 წლის მიგრაციის პროფილშია“ აღნიშნული, რომელშიც 2016-2020 წლების მიგრაციის სტატისტიკია გაანალიზებული.

დოკუმენტის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2019 წელს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებლის შემდგომ, საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა 2020 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. შედეგად, მიგრაციული სალდო უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში პირველად იყო დადებითი.

„2017-2019 წლებში მზარდია საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების მიმართულებით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. 2020 წელს განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა კი მკვეთრად შემცირდა.

2017-2020 წლებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთში, პოლონეთსა და საფრანგეთში განხორციელდა.

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელი. საზღვარზე უარის თქმის ყველაზე მეტი შემთხვევა 2019 წელს დაფიქსირდა, რაც 5,5-ჯერ მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე.

2016-2019 წლებში მზარდია ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვების მფლობელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. 2016 წელთან შედარებით, 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა.

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეთა ნახევარზე მეტი (57%) იმყოფება საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში. ისინი, ძირითადად, ოჯახის გაერთიანების და შრომითი (ანაზღაურებადი) საქმიანობის საფუძველზე გაცემულ ბინადრობის ნებართვებს ფლობენ.

2020 წელს შემცირებულია საქართველოს მოქალაქეების მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ) განხორციელებული მოკლევადიანი ვიზიტები. აღნიშნული მაჩვენებლის პარალელურად, ასევე შემცირებულია აშშ-ში ლეგალური ემიგრაციის მაჩვენებლები, რომლებიც 2016-2019 წლებში მეტნაკლებად სტაბილური იყო. საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ძირითადად, აშშ-ს მოქალაქესთან უშუალო ნათესაური კავშირის და ე.წ. „მწვანე ბარათის“ მოპოვების საფუძველზე მიენიჭათ.

საქართველოს მოქალაქეების მიერ რუსეთში დროებითი ბინადრობის ნებართვების მიღების მაჩვენებელი 2017-2020 წლებში შემცირებულია. განსაკუთრებული კლება 2020 წელს აღინიშნება, როცა მონაცემი 2019 წელთან შედარებით თითქმის 52%-ით შემცირდა. რუსეთში მოქმედი ბინადრობის მფლობელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ 2020 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. 2016-2019 წლებში სტაბილური იყო საქართველოს მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების მაჩვენებელი, ხოლო 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

bpn.ge