2024 წელის III კვარტალში საქართველოს მოქალაქეების გასვლითი ვიზიტების უმთავრესი მიზანი იყო მეგობრების ან ნათესავების მონახულება (მთლიანი ვიზიტების 32%) და, ასევე, საყიდლები (32%). 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა იმ ვიზიტორთა წილი, რომელთა მთავარ მიზანსაც რეკრეაციული ვიზიტები (+3 პპ) წარმოადგენდა, - ამის შესახებ PMCG-ის კვლევითი ცენტრის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში წერია.
მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებული გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 603 თასი შეადგინა, რაც 7%-ით ნაკლებია 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2021 წლის II კვარტლის შემდეგ გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ პირველად დაიკლო, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მოგზაურობასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას.
„თურქეთში, რომელიც საქართველოდან გამავალი ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, 2024 წლის აგვისტოში ინფლაციურმა ზეწოლამ გამოიწვია სტუმარ - მასპინძლობის სექტორში ფასების წინა წელთან შედარებით 68%-ით ზრდა. გარდა ამისა, ბიზნესის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ წინა პერიოდებში გამავალი ვიზიტების დიდმა რაოდენობამ, განსაკუთრებით, UEFA EURO 2024-ის პერიოდში, ვიზიტების შემდგომი ვარდნა განაპირობა.
2024 წელის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტების 38%-მა დანიშნულების ადგილად აირჩია თურქეთი, რომელსაც მოსდევდა რუსეთი (19%), ევროკავშირი (15%) და სომხეთი (12%). აღსანიშნავია, რომ თურქეთსა (-15%) და სომხეთში (-30%) განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო რუსეთში (+22%), ევროკავშირსა (+2%) და აზერბაიჯანში (14%) განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა.
გამსვლელი ვიზიტორების დანახარჯებმა 2024 წლის III კვარტალში 676 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 14%-ით მეტია 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. დანახარჯების უდიდესი ნაწილი საყიდლებს (34%), საკვებსა და სასმელს (29%) და ტრანსპორტირებას (20%) უკავია“, - ნათქვამია მიმოხილვაში.