საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კომპანია UGT-თან თანამშრომლობით, თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენასა და ბიზნესის ტრანსფორმაციის შესაძლებლობებზე ერთობლივი კონფერენცია გამართეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ ინოვაციური ტენდენციების განხილვას, რომლებიც დღეს ბიზნესის ზრდისა და განვითარების ახალ მოდელებს მოიცავს.

დისკუსიის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის  როლზე ბიზნესის ტრანსფორმაციაში, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი (AI) ბიზნესის მართვის მოდელებს, როგორ გარდაქმნის გადაწყვეტილების მიღების პროცესს და როგორ ქმნის ახალ სტანდარტებს პროდუქტიულობისა და ეფექტიანობისთვის. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც დროულად იღებენ მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ოპერაციულ შედეგებს და ქმნიან სტრატეგიულ უპირატესობას ბაზარზე.

„ტექნოლოგიური პროგრესი მხოლოდ ბიზნესის პროცესებს არ ცვლის - ის ქმნის ახალ ეკონომიკურ რეალობას. მსგავსი შეხვედრები აძლევს კომპანიებს შესაძლებლობას, გაიაზრონ რა მიმართულებით ვითარდება მსოფლიო და როგორ უნდა მოერგონ ამ ცვლილებებს, რათა გახდნენ უფრო ეფექტიანები, დაცულები და კონკურენტუნარიანები“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის IT კომიტეტის თავმჯდომარემ და UGT ჯგუფის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ასლანიშვილმა.   

ასევე, ღონისძიებაზე განხილული იყო ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის გავლენა ოპერაციულ ოპტიმიზაციაზე, კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები და ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქლაუდ ინფრასტრუქტურასა და მონაცემთა მართვის სწორ სტრატეგიებს ორგანიზაციების ზრდისა და მდგრადობისთვის. ექსპერტთა თქმით, თანამედროვე ბიზნესს უკვე აღარ შეუძლია ტრადიციულ მოდელებზე დაყრდნობა, ტექნოლოგია დღეს გახდა სტრატეგიული გეგმის აუცილებელი ნაწილი.

„მსგავსს პლატფორმებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებაში, რადგან კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა უკეთ გაიაზრონ ტექნოლოგიური ცვლილებების სწრაფი ტემპი და საჭირო ინსტრუმენტები რეალურად მზარდი ეკონომიკური კონკურენციის პირობებში. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და კომპანია UGT მომავალშიც გააგრძელებენ შეხვედრების, ფორუმებისა და დისკუსიების ორგანიზებას, რომქართულ ბიზნესს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ცოდნაზე“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.