საქართველოს რადიოასოციაცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს და ოფიციალურ განმარტებას ითხოვს, იმასთან დაკავშირებით თუ საქართველოს ტერიტორიაზე რომელ ორგანიზაციას აქვს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვოს ავტორ-შემსრულებელთა ჰონორარები.

„გთხოვთ, ოფიციალურად მოგვაწოდოთ ინფორმაცია

  • საქართველოს ტერიტორიაზე რომელ ორგანიზაციას აქვს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვოს ავტორ-შემსრულებელთა ჰონორარები?
  • აქვს თუ არა რომელიმე ორგანიზაციას აკრედიტაცია გავლილი ოფიციალურად თქვენს ორგანიზაციაში? და თუ კი, რომელს?
  • როდიდან წარმოეშვებათ სუბიექტებს ორგანიზაციის მიმართ გადახდის ვალდებულება?
  • აქვს თუ არა ამ ორგანიზაციას (კანონით სავალდებულო) გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები საერთაშორისო დონეზე და რომელ ორგანიზაციებთან და რამდენი (გთხოვთ, მოგვაწოდოთ მათ მიერ თქვენთან წარმოდგენილი ხელშეკრულებების ასლები);
  • აქვს თუ არა ამ ხელშეკრულებების გაფორმებას, ორგანიზაციის მიერ ჰონორარის მოთხოვნის ლეგიტიმაციისთვის სამართლებრივი მნიშვნელობა და არის თუ არა ეს წინაპირობა ამგვარი მოთხოვნის დაყენებისთვის? (გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი განმარტება).

 მოგეხსნებათ, ბოლო დროს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია და აზრი არსებობს, ამიტომ თქვენი უკუკავშირი ჩვენთვის მნიშვნელოვანია სიტუაციაში მაქსიმალურად გასარკვევად და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად,“- ნათქვამია განცხადებაში.