ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კლინიკისთვის ლიცენზიის შეჩერების მექანიზმებს განმარტავს, რომელიც ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტშია გათვალისწინებული.

პროექტის თანახმად, რომელიც დღეს პარლამენტის სესიაზე მეორე მოსმენით გადის, მარეგულირებელი ორგანო სამედიცინო დაწესებულებისთვის ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილებას კლინიკას და სასამართლოს აცნობებს. სასამართლოს აქვს უფლება, 48 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნას.

„როცა რეგულირების სააგენტო მიიღებს კლინიკის ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილებას, ის 24 საათის განმავლობაში ამის შესახებ კლინიკას აცნობებს და მიმართავს სასამართლოს დასამტკიცებლად. სასამართლოს შეუძლია, მოიწვიოს მხარე ზეპირი მოსმენისთვის, თუ საჭიროდ ჩათვლის, ასევე 48 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ,“ - განმარტა გაბუნიამ.

ცნობისთვის: კანონპროექტის თანახმად, ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარი ხდება, სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ექიმის საქმიანობაზე კი ჯარიმა 2000 ლარი იქნება. 4000 ლარით  დაჯარიმდება მაკონტროლებელი ორგანოს ბეჭდის განზრახ დაზიანება.

რეგულირების სააგენტოს უფლება ეძლევა, კლინიკაში გაუფრთხილებლად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს, თუმცა ამის შესახებ პარალელურ რეჟიმში სასამართლოს უნდა აცნობოს. აღნიშნულ კანონპროექტს კლინიკების დიდი ნაწილი ნეგატიურად შეხვდა და მასში კლინიკების სუბიექტური შეფასების საფრთხე დაინახა.

jandacva.ge