ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ასოციაციის განცხადებით, პრემიერის მიერ დაანონსებული აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების, მათ შორის, სუროგაციისა და დონაციის სერვისის მიღებასთან დაკავშირებით, საფრთხის შემცველია როგორც დარგის, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის არსებობისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
სფეროში მომუშავე 20-მდე კლინიკის წარმომადგენლები ითხოვენ მოლაპარაკებების დაწყებას ხელისუფლებასთან, რათა აკრძალვის ნაცვლად შემოღებულ იქნას რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში დონაცია-სუროგაციის საკითხებს დაარეგულირებს.
პრემიერ-მინისტრის 12 ივნისის განცხადებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.
მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროში მომუშავე სპეციალისტები აცხადებენ, რომ ის კანონპროექტი, რომლის შესახებაც 12 ივნისს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა, მათი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნა, თუმცა, მასში არაფერი იყო ნათქვამი აკრძალვაზე და გაუგებარია, საიდან აღმოჩნდა ეს ჩანაწერი კანონპროექტში.
კანონპროექტის შექმნაში მონაწილეობდა ლიკა ჭყონია, რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარე, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკის, „რეპროარტის“ დირექტორი. მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა დარგის სპეციალისტებმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად, რამდენიმე თვის წინ დაიწყეს და დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტი შექმნეს.
რეპროდუქტოლოგი ამბობს, რომ მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, დღეს არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოსთან ერთად, უფრო დეტალურად უნდა დაერეგულირებინა ქვეყანაში მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებული სამედიცინო საკითხები და ის არანაირად არ მოიაზრებდა საკუთარ თავში უცხოელი პაციენტებისთვის სერვისის მიღების აკრძალვას.
ლიკა ჭყონია ვერ ხსნის, რის საფუძველზე გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრმა უცხოელი პაციენტებისთვის საქართველოში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა.
დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ის საფრთხეები, რომელთა შესახებაც 12 ივნისს პრემიერმა ღარიბაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრეს, მათ შორის საქართველოში სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების „ერთსქესიანი წყვილების მიერ უცხოეთში გაყვანისა“ და ასევე „ბავშვებითა და ორგანოებით ვაჭრობის" საფრთხეებზე, მკაცრადაა რეგულირებული დღეს მოქმედი კანონმდებლობით და ეს საფრთხეები ვერ იქნება აკრძალვის საბაბი.
ვრცლად იხილეთ radiotavisupleba.ge