ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისა და ფარმაცევტული კომპანიების კონტროლს ამკაცრებს. საკანონმდებლო ცვლილება უწყებამ თვეების წინ დააანონსა.

კერძოდ, იგეგმება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდა და დარღვევებზე სანქციების გამკაცრება.

კანონპროექტის მიხედვით, პაციენტის სარჩელის საფუძველზე რეგულირების სააგენტოს კლინიკაში შესასვლელად და მოკვლევის დასაწყებად სასამართლოს  შუამდგომლობა სჭირდებოდა და პროცესი ჭიანურდებოდა, ცვლილებების შემდეგ სააგენტოს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ექნება სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის უფლება. გარდა ამისა, მკაცრდება და რამდენჯერმე იზრდება დარღვევებზე ჯარიმები.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავარი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული ცვლილების დაინიციირება მოხდა, დროს უკავშირდება.

კერძოდ, დღემდე მოქმედი წესით, გარკვეული დარღვევის შემთხვევაში რეგულაციის სააგენტოს უნდა მიემართა სასამართლოსთვის, სასამართლოსგან პასუხის მიღებისთვის კი დრო 72 საათით იყო განსაზღვრული. შემდეგ კლინიკები დროის მოგების მიზნით ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებდნენ, და ეს ყველაფერი ბადებდა გონივრულ ეჭვს, რომ ამ დროის განმავლობაში ხდებოდა დოკუმენტაციის შეცვლა. შედეგად, რეალური სურათი აღარ იყო.

„სასამართლოსგან უარი ამ წლების განმავლობაში არ გვქონია. ეს თავისთავად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, აქ არის მხოლოდ დროის მომენტი და წინასწარი შეტყობინება, რაც ზღუდავს რეგულირების სააგენტოს ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობას. იგივე შემიძლია ვთქვა ფარმაცევტულ სექტორთან მიმართებით. რეფერენტული ფასების ამოქმედებასთან ერთად რეგულირების სააგენტოს მიენიჭა უფლებამოსილება, მაშინვე შეაფასოს და ადგილზევე აღასრულოს რეფერენტული ფასების რეგულაციის აღსრულებასთან დაკავშირებული დარღვევები და ესეც გვეხმარება ოპერატიულობის გაუმჯობესებაში. ამდენად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გვინდა, რომ დადგეს,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, თუ აღმოჩნდება კრიტიკული შეუსაბამობა და მისი გამოსწორება დროში გახანგრძლივდება, შესაძლოა კლინიკისთვის ლიცენზიის გაუქმების საკითხიც დადგეს.