2023 წელს კი, სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 170 დასახელების სათამაშოდან 70-ში საფრთხის შემცველი ნივთიერებები აღმოაჩინა.  თემაზე, რამდენად უსაფრთხო სათამაშოები იყიდება საქართველოში და როგორია ბაზრის კონტროლის შედეგები, რადიო „კომერსანტის“ ეთერში სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა, ვახტანგ კობალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ბაზარზე არსებული რეალობის გასარკვევად, 170 დასახელების სათამაშოს შემოწმება საკმარისი არაა.

„170 დასახელების სათამაშოს შემოწმება ნამდვილად არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ვიცით რა ხდება ბაზარზე და  როგორი ვითარებაა ამ მხრივ.  ყოველგვარი განსაკუთრებული კვლევები რომ არ ჩატარდეს ამ მიმართულებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვისთვის იქნება დამაჯერებელი, რომ ეს რაოდენობა არის საკმარისი. იმდენი სათამაშო იყიდება მთელი წლის მანძილზე, 170 ნიმუში ძალიან ცოტაა და თუ ამას დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ რეალურად არანაირი რისკის შეფასება არ ხდება, როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საკმარისია. ეს არ ეხებოდა მხოლოდ ტყვიას, აქ საუბარია სხვადასხვა მავნე ნივთიერებებზე, რომელთა რაოდენობაც მთლიანობაში 70-ია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პროპორციაა ამ მცირე შემოწმების ფარგლებშიც კი. რაც გვაძლევს საფუძვლიანი ვარაუდის თქმის საშუალებას, რომ მართლაც მძიმე მდგომარეობაა“. - განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.

როგორც ვახტანგ კობალაძემ აღნიშნა, შემოწმებები არამხოლოდ ქვეყნების, არამედ საწარმოების დონეზეც უნდა ხორციელდებოდეს.

„შემოწმებები არამხოლოდ ქვეყნების, არამედ საწარმოების დონეზეც უნდა ხორციელდებოდეს. ესა თუ ის ფირმა შეიძლება არაკეთილსინდისიერად მოქმედებდეს, არ ითვალისწინებდეს უსაფრთხოების ნორმებს.  ის ქიმიური ნივთიერებები რაც ჩვენთან კონტროლდება, არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი, იმისა, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს სათამაშოებში და იმისა, რაც კონტროლდება რეგლამენტირებულია ევროკავშირში. არ ვამბობ რომ ევროკავშირის მოქალაქე 100%-ით დაზღვეულია საფრთხისგან, მაგრამ საფრთხის დონეს გააჩნია. თუ კი, რაც ჩამოვთვალე ეგ მექანიზმები მოქმედებს, მაშინ დაცულობის ხარისხიც მეტია,“ - აღნიშნა მან.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორის თქმით, კონტროლი ძირითადად დოკუმენტური ხასიათისაა, რაც საკმარისი არაა, მავნე ნივთიერებების აღმოსაჩენად.  გამოსავალი კი პრიორიტეტების სწორად დასახვაშია.

„ძირითადად, რაც კეთდება, სწორად კეთდება, უბრალოდ საკმარისად არ კეთდება. ძალიან ზედაპირული და ფასადური ფორმა აქვს ამ კონტროლს, როგორც სათამაშოებთან მიმართებით, ასევე სხვა არასასურსათო პროდუქტის შემოწმებაზეც მსგავსი შემიძლია ვთქვა.  ყველა შემთხვევაში კონტროლი არის ძირითადად დოკუმენტური და იმპორტირებულ პროდუქციას ეხება საზღვარზე, ქვეყნის შიგნით კი რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმება ხდება ყოველწლიურად, რაც ქვეყნისთვის ნამდვილად არაა საკმარისი.

არცერთ ქვეყანაში მხოლოდ დოკუმენტური შემოწმება არ ხდება. დოკუმენტური შემოწმება აუცილებელია, ამას უნდა მოსდევდეს ეფექტური ლაბორატორიული შემოწმება პროფესიონალი ორგანოების მიერ და კვლევების წარმოება, ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასება და ამის საფუძველზე დასახვა იმ შემოწმების გეგმის, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს ქვეყანაში.

გამოსავალი არის პრიორიტეტების სწორი დასახვა. არა მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს დონეზე, მთლიანად მთავრობის დონეზეც. უსაფრთხოება უნდა იყოს უმთავრესი პრიორიტეტი, მათ შორის პროდუქციის უსაფრთხოება.  აქედან გამომდინარე, შესაბამისი რესურსი უნდა გამოიყოს. ეს რესურსი უნდა იყოს გონივრული.

გასაგებია, რომ ერთბაშად შეიძლება არ შეგვიძლია მთელი ბაზრის მოცვა, მაგრამ რისკის შეფასება უფრო მეცნიერულად უნდა ხორციელდებოდეს და შესაძლებელი იყოს პრიორიტეტული რისკების ადეკვატურად გამოკვეთა და მასზე კონცენტრირება. ამას სერიოზული მიდგომა სჭირდება და არა რაღაც თვალებში ნაცრის შეყრა, თითქოს ყველაფერი რიგზეა“. - აღნიშნა კობალაძემ.

მისი თქმით, შეუძლებელია მთელი ბაზარი იყოს მოცული სახელმწიფო კონტროლით, ამიტომაც, უნდა ხდებოდეს რისკის შეფასება მეცნიერულად, საფრთხეების, შესაბამისი კონტროლის ოდენობების, მასშტაბების გამოკვეთა და ასე ფოკუსირებულად, მიზანმიმართულად, პრიორიტეტების განსაზღვრის საფუძველზე, უკვე კონტროლის განხორციელება და ეს უნდა იყოს მუდმივად ცვალებადი პროცესი.