გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შოვში მეწყერის განვითარების მიზეზებს განმარტავს.
სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალისტების განცხადებით, სტიქია, რომელიც 3 აგვისტოს რაჭაში განვითარდა, დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან და ამ ეტაპზე, მსგავსი მასშტაბის პროცესების გამწვავების რისკი არ არსებობს.
„3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბას ხეობაში, კურორტი შოვის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა სახიფათო გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას. წინასწარი შეფასებით, გასულ თვეებში ჰაერის მაღალმა ტემპერატურულმა ფონმა და თანმხლებმა ნალექებმა, ხელი შეუწყო მყინვარების ინტენსიურ დნობას, მყინვარ ბუბას ენასთან მყინვარული მასის ან/და კლდე ზვავის ჩამოშლას და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მყარი ნატანის დინამიკაში მოყვანას.
ამავე დროს, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ სიტუაციის შესწავლას ადგილზე. დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.