რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პარმენ მარგველიძის განცხადებით, რეგიონის სტიქიურად საშიშ სხვა ზონებში კატასტროფების რისკის ზრდა არ იკვეთება. 

როგორც მან „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ამ მიმართულებით მონიტორინგი კვლავ გრძელდება მიმდინარეობს კომუნიკაცია გეოლოგიის დეპარტამენტთან.

„ყველა ის საფრთხის შემცველი ზონა, რომელიც გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ფასდება რისკის ადგილად, სპეციალისტების მიერ იქნა შეფასებული. კერძოდ მოხდა მათი ვერტმფრენით დათვალიერება და როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სხვა რომელიმე ზონაზე რისკების ზრდა გამოკვეთილი არ არის. თუმცა, მონიტორინგი კვლავ გრძელდება და შტაბის დონეზე გვაქვს ამ თემაზე გეოლოგებთან კომუნიკაცია“, - განაცხადა პარმენ მარგველაძემ. 

მისი ინფორმაციით, შოვის სტიქიის ზონაში, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. როგორც მან დააზუსტა, მაშველები და სამხედროები 15 დაკარგულ ადამიანს ეძებენ. 

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 19 ცხედარი. დამეწყრილი არეალიდან უვნებლადაა გამოყვანილი 200-ზე მეტი ადამიანი. 

მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან 2021 წლის ჩათვლით ჩატარებული სხვადასხვა მასშტაბის კვლევების საფუძველზე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი 257 დასახლებული პუნქტიდან საშიში გეოლოგიური პროცესების მოქმედების მაღალი რისკის ზონაში მოქცეულია 83 დასახლება.

ონის მუნიციპალიტეტის სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებული პუნქტების რუკის თანახმად, შოვი სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნებს მიეკუთვნება.