მეორე შახტის საჯარო სკოლას არ გააჩნია სველი წერტილი, საპირფარეშო სკოლის ეზოში, კუსტარულად არის მოწყობილი – ვკითხულობთ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2023-24 წლების ანგარიშში.

ზაზა მერაბიშვილი ერთ-ერთია იმათგან, რომელიც გეგმავს მიმდინარე წელს შვილი ვალის N4-ე საჯარო სკოლაში მიიყვანოს. საგანმანათლებლო დაწესებულება მეორე შახტის დასახლებაში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა დაზიანებულია, რეაბილიტაციას საჭიროებს, საპირფარეშო სანიტარულ ნორმებს არ შეესაბამება და გათბობის ერთადერთი საშუალება შეშის ღუმელია,მერაბიშვილი იძულებულია შვილი მაინც ამ სკოლაში მიიყვანოს, რადგან ვალეში ან ახალციხეში ტარების შესაძლებლობა არ აქვს.

ოფიციალური მონაცემებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში 30-მდე მოსწავლე სწავლობს, რაოდენობა უფრო მეტი იქნებოდა, თუმცა სკოლის მდგომარეობიდან გამომდინარე ადგილობრივები არჩევენ ბავშვებმა სახლისგან მოშორებით, თუმცა უკეთეს პირობებში მიიღონ განათლება.

რამდენად აქვთ ინფორმაცია საჯარო სკოლის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის დაზიანებების შესახებ ახალციხის მერიას, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და განათლების სამინისტროს, იგეგმება თუ არა სკოლის და საპირფარეშოს რეაბილიტაცია და როდის?

ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ადგილობრივი მედიის ზარებს არ პასუხობს, განათლების სამინისტროში და ახალციხის მერიაში კი "ტოკ ტივის" უთხრეს, რომ მოიკითხავენ.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, მისი თქმით, საპირფარეშო სუფთაა და სანიტარული ნორმები დაცულია. კითხვაზე, იგეგმება თუ არა როგორც სკოლის ისე საპირფარეშოს რეაბილიტაცია? – არ პასუხობს.

ახლა სკოლაში მოსწავლეები არ დადიან. მოაწესრიგებენ თუ არა საპირფარეშოს სასწავლო პროცესის დაწყებამდე, უცნობია.

წყარო: "ტოკ ტივი"