ამ დრომდე შოვში 25 ადამიანს ეძებენ , სტიქიის ზონაში ავიაციამ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგილიდან იუწყება. მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკაც.შოვში სამაშველო ღონისძიებები მესამე დღეა, გრძელდება. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართული არიან მეხანძრე-მაშველები, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალები.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ შოვისკენ გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, კოპიტნარის ბაზიდან კი ეროვნული გვარდიის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 25 ადამიანს ეძებენ.

სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანი არის გაყვანილი.შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის ნომერია – 598 913 089. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.