საქართველოში ძაღლის საჯარო სივრცეში ალიკაპის ან საბელის გარეშე გაყვანის გამო პატრონებს მალე საგრძნობლად გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა დაუჯდებათ მოქალაქეებს ძაღლის საბელის და ალიკაპის შეძენა და იქნება თუ არა ეს განსაკუთრებულ ხარჯებთან დაკავშირებული.
ფასების შესახებ ინფორმაცია ყველაზე პოპულარულ მაღაზიებში მოვიძიეთ. აღმოჩნდა, რომ ძაღლის აქსესუარების შერჩევა პატრონებს მარტივად შეუძლიათ.
მასალისა და ხარისხის მიხედვით, ფასები დაახლოებით 10-დან 100 ლარამდე მერყეობს.
გთავაზობთ მაღაზიების ჩამონათვალს.
petfood.ge -ზე საბელის ფასი 10-დან 35 ლარამდე, ხოლო ალიკაპის ფასი 10-დან 60 ლარამდეა.
mailo.ge - საბელის ფასი აქ 6-დან 40 ლარამდეა, ხოლო ალიკაპი გასაყიდ პროდუქტთა სიაში არ არის.
veli.store - ზე საბელის მრავალფეროვანი არჩევანია, შესაბამისად, სხვადასხვა ფასიანი ბევრი მოდელი იყიდება, ფასები 10 ლარიდან იწყება და 125 ლარამდე მერყეობს. ალიკაპის ფასი კი 13-დან 25 ლარამდეა.
tpet.ge - საბელი 15-20 ლარი, ალიკაპი - 13- 45 ლარი ღირს.
petsup.ge -ზე მხოლოდ საბელია ხელმისაწვდომი და მისი შეძენა 14-30 ლარად არის შესაძლებელი.
zoomart.ge -ზე საბელის ფასები 7-დან 70 ლარამდე მერყეობს. ალიკაპი კი ამ მაღაზიაში არ იყიდება.
პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა. ცვლილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს იმ მეპატრონეებისთვის, რომლებიც ძაღლის ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკსა და სკვერში გასეირნების წესებს დაარღვევენ. ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. განმეორებით წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.