VELI.store-ის ბრენდის ინსპირაციაზე დგას ამიტომ ყოველ წელს, თებერვლის თვეში, რომელიც “სიყვარულის თვედ” არის ცნობილი ველი სხვადასხვა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან ერთად საკომუნიკაციო კამპანიას გეგმავს. ქართველი მუსიკოსების და მწერლების შემდეგ ველიმ წელს კოლაბორაცია ქართველ გრაფიტი არტისტებთან გადაწყვიტა.
ყველაფერი კი გასული წლის მიწურულს, კოსტავას ქუჩაზე მდებარე VELI.store-ის ბილბორდის მოულოდნელი წარწერის აღმოჩენით დაიწყო…
“ველის ბილბორდზე გრაფიტი წარწერის გაჩენამ დაგვაფიქრა - მიუხედავად იმისა, რომ ბილბორდი პირველ რიგში კომერციული საკომუნიკაციო მედიაა, ის ასევე ქუჩის ნაწილია, რაც გვინდა თუ არა, მას გრაფიტი არტისტებისთვის ერთგვარ “ტილოდ” აქცევს. ასე გახდა ჩვეულებრივი ბილბორდი ურბანული კულტურის ნაწილი. მაშინ მივხვდით, რომ წარწერის წაშლის მაგივრად ეს მედია მთლიანად გრაფიტი არტისტებისთვის უნდა დაგვეთმო.” - თათია კარიაული, VELI.store-ის ბრენდის ხელმძღვანელი
პროექტის შემოქმედებით ნაწილს არტისტმა - მიშიკო სულაკაურმა უხელმძღვანელა. გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნების ეს მიმართულება განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს, იმისთვის რომ კოლაბორაცია მაქსიმალურად ორგანული გამოსულიყო, შინაარსობრივ და ვიზუალურ გადაწყვეტაში ბრენდი მთლიანად შემსრულებლებს მიენდო.
“სტრიტ-არტი უკვე თბილისის მნიშვნელოვანი ვიზუალური ნაწილი გახდა. ხელოვნება კი ქუჩაში კიდევ ერთ საინტერესო ფენაა, რომელსაც ხალხი ქმნის, და ამ არტის ფორმას ყოველთვის ეტყობა რომ თავისუფალია. ვფიქრობ, ამაზე გულწრფელი ხელოვნების ფორმა იშვიათია.
ძნელია იმ მრავალფეროვნებას გაექცე, რაც თბილისს ახასიათებს. ქალაქის სხვადასხვა პერიოდის შრე, სხვადასხვა დროის კედლები და ფორმირებული ლანდშაფტი ქუჩის ხელოვანში დიდ იმპულსებს აღძრავს - გიბიძგებს თუ რა გამოსახულება, ან ფერები უნდა გამოიყენო. საბოლოოდ უკვე შენთვითონაც ხდები ამ ყველაფრის პატარა ნაწილი, რაც ადრენალინის მოზღვავებას იწვევს, ამ გრძნობაზე უარის თქმა კი ძნელია…” - მიშიკო სულაკაური.