საქართველოში ონკოპაციენტების დიდი ნაწილი მკურნალობას თურქეთში ირჩევს. ვიდრე ამ ტენდენციის შემობრუნება ვერ ხერხდება, კლინიკები ცდილობენ, ის სერვისები, რომლებიც თურქეთში ხორციელდება, ონკოპაციენტებს საქართველოში, თურქულ კლინიკებთან პარტნიორობით შესთავაზონ.

ერთ-ერთი ასეთი სამედიცინო დაწესებულება ინგოროყვას კლინიკაა, სადაც ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის სამსახური ამოქმედდა. კლინიკას პარტნიორობას სტამბოლის წამყვანი კლინიკების ქსელი „მედიქალ პარკი“ უწევს.  თურქეთიდან კლინიკაში პერიოდულად ჩამოდიან და თვეობით იღებენ პაციენტებს თურქი სპეციალისტები. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ისინი ამ პაციენტების მართვაში დისტანციურად იღებენ მონაწილეობას.

იგივე პოლიტიკას მიმართა კლინიკა „სტატუსმა“, რომელიც  ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯმა“ დააარსა.

კლინიკის გენერალური დირექტორის ნინო ქაჯაიას განცხადებით, სამწუხაროდ, ონკოპაციენტები საქართველოში მკურნალობას საზღვარგარეთ, მეტწილად თურქეთში გამგზავრებას  ამჯობინებენ. სწორედ ამიტომ კლინიკამ ორი კლინიკის „აჯიბადემის“ და „ლივ ჰოსპიტალის“ ის ონკოლოგები და ჰემატოლოგები მოიწვია, რომელთაც ოფიციალურად აქვთ საქართველოში მუშაობის უფლება.

რატომ არჩევენ ქართველი ონკოპაციენტები თურქეთში სამკურნალოდ წასვლას და რამდენად შეესაბამება რეალურ ვითარებას მათი განწყობები იმის შესახებ, რომ თურქეთში ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესი ხარისხის მკურნალობას მიიღებენ?

ონკოლოგ-მამოლოგ გიორგი ციხისელის თქმით, პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში ერთიანი ონკოლოგიური სისტემა დაინგრა და გაჩნდა პატარ-პატარა კლინიკები. სიმსივნის მკურნალობისთვის კი აუცილებელია კომპლექსური მიდგომა.

„არ მომწონს, რომ დაინგრა ერთიანი ონკოლოგიური სისტემა და გაჩნდა უამრავი საავადმყოფო, პატარ-პატარა კლინიკები, სადაც ყველა ყველაფერს კიდებს ხელს. ონკოლოგია ესაა მძლავრ დიაგნოსტიკურ ბაზაზე, ქირურგიაზე, რადიოლოგიასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე დაფუძნებული დარგი. ამის გარეშე ონკოლოგია წარმოუდგენელია. აქ კი ყველა საავადმყოფოში აკეთებენ ნებისმიერ ოპერაციას. ონკოლოგიაში მხოლოდ ქირურგია არაფერს წყვეტს. საჭიროა კომპლექსური და კომბინირებული მიდგომა და მხოლოდ ამით შეგვიძლია გავიდეთ შედეგზე,“- განაცხადა ციხისელმა.

ონკოლოგი ნანა ოთხოზორია ამბობს, რომ მეთოდოლოგია და მკურნალობის ტაქტიკა, რასაც საქართველოში იყენებენ, ევროპული და ამერიკული სტანდარტების იდენტურია და სწორედ ამიტომ ბევრი პაციენტი, რომელიც ამაში დარწმუნდება, უცხოეთიდან ისევ სამშობლოში ბრუნდება და მშობლიურ გარემოში აგრძელებს მკურნალობას. ეს ფაქტორი კი, ონკოლოგის განმარტებით, მნიშვნელოვანი ხელშემწყობია  მკურნალობის პროცესში.

„თოდუას კლინიკის“ ონკოლოგი ნანა ოთხოზორია კი ამბობს, რომ მეთოდოლოგია და მკურნალობის ტაქტიკა, რასაც საქართველოში იყენებენ, ევროპული და ამერიკული სტანდარტების იდენტურია და სწორედ ამიტომ ბევრი პაციენტი, რომელიც ამაში დარწმუნდება, უცხოეთიდან ისევ სამშობლოში ბრუნდება და მშობლიურ გარემოში აგრძელებს მკურნალობას. ეს ფაქტორი კი, ონკოლოგის განმარტებით, მნიშვნელოვანი ხელშემწყობია  მკურნალობის პროცესში.

„ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა მიზნით ხდება პაციენტების გადინება ან საზღვარგარეთ მიმართვიანობა. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის ხელმიუწვდომლობა, ოღონდ – რაღაც მიზეზის გამო, და ხშირ შემთხვევაში ესაა ფინანსური ტოქსიურობა. ჩვენ ბევრჯერ დავრწმუნდით იმაში, რომ დიაგნოზის ან მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის, იგივე მკურნალობის ტაქტიკის გადაწყვეტის მიზნით გადინებული პაციენტების აბსოლუტური უმეტესობა მაინც ბრუნდება ქვეყანაში, რადგან მკურნალობის ის ტაქტიკა არის აბსოლუტურად იდენტური, ვინაიდან ჩვენ კლინიკაში მკურნალობის ტაქტიკას განსაზღვრავს ევროპისა და ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის მიერ განსაზღვრული პროტოკოლები, რაც აბსოლუტურად იდენტურია მსოფლიოს ნებისმიერი ონკოლოგიური სამედიცინო ცენტრისა. ამიტომ, როგორც წესი, პაციენტებს ასეთ შემთხვევაში ურჩევნიათ შინაურ გარემოში და ახლობლების გარემოცვაში ჩაიტარონ მკურნალობა და ეს ნამდვილად ყოველთვის ამართლებს იმიტომ, რომ მკურნალობის ეფექტიანობაში დიდწილად პაციენტის წინასწარგანწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“ – განაცხადა ოთხოზორიამ.

ფინანსების კუთხით საქართველოში პრობლემად რჩება ის ფაქტორი, რომ ონკოპაციენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 25 ათასი ლარია, რაც რიგ შემთხვევებში არაა საკმარისი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცხადებული ხედვის თანახმად, უნდა მოხდეს ძვირად ღირებული მედიკამენტების პირდაპირ მწარმოებლისგან შეძენა, რაც ამ წამლებს გააიაფებს, ეს კი სახელმწიფოს აღნიშნული ლიმიტის მოხსნის შესაძლებლობას მისცემს. თუმცა რა ეტაპზეა ეს პროცესი და როდის მოიხსნება ლიმიტი, ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, უცნობია, რა ეტაპზეა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტი, რომლის განხორციელებაც რესპუბლიკურ კლინიკაში იგეგმება. ასევე უცნობია, როდის დაიწყება უცხოეთში ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობის დაფინანსების პროექტი, რომლის დეტალებიც მიმდინარე თვეში უნდა გამხდარიყო ცნობილი.