ქვეყანაში ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი ვირუსები გახანგრძლივდა. ამას თან ერთვის ზაფხულისთვის დამახასიათებელი ინფექციები, რომლებიც საკვების მოხმარებას უკავშირდება.
აღნიშნულ საკითხებზე ყურადღება განსაკუთრებით მახვილდება სურსათის უვნებლობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მასშტაბურად აღინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამ დღეს საინფორმაციო და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა.
თბილისში, რიყის პარკში, ქართული წარმოების სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო; გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით, მოსწავლეებისთვის ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „სურსათის უვნებლობა - მითები და ფაქტები“.
სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში ყველა რგოლის გაერთიანებისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ.
,,ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა რგოლის ჩართულობას, კოორდინირებულ მუშაობასა და თანამშრომლობას. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი და ფუნქცია აკისრია სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ჩვენი ინსპექტორები ყოველწლიურად 30 000-ზე მეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ, მუდმივ კომუნიკაციაში არიან ბიზნესოპერატორებსა და მომხმარებლებთან, აცნობენ მათ სურსათის უვნებლობის ახალ საკანონმდებლო მოთხოვნებს, უზიარებენ მნიშვნელოვან სიახლეებს. ჩვენს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სურსათის უვნებლობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა. შედეგად, გამოვლენილი დარღვევების პროცენტული მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება“, - აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.
წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის გზავნილია „შეხვდი მზად სურსათისმიერ საფრთხეებს”, რაც ყურადღებას სურსათის მოხმარებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების განსაზღვრასა და მათი თავიდან აცილების გზებზე ამახვილებს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ და ბიზნესმა იცოდეს, როგორ შეიძინოს, მოამზადოს და მოიხმაროს სურსათი უვნებლად და როგორ მოიქცეს სურსათისმიერი მოწამვლის შემთხვევაში.
სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინიციატივით, 2019 წლიდან ყოველწლიურად 7 ივნისს აღინიშნება.
ექიმების რეკომენდაციაა, ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში სიფრთხილით მოეკიდონ ისეთი სურსათის შეძენას, როგორიც არის ხორცი, თევზი, კვერცხი და რძის პროდუქტები. სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს, განსაკუთრებით მოერიდონ პროდუქტის შეძენას ბაზრის გარეთ, რადგან ასეთ პირობებში შეძენილი საკვების მიღება ნაწლავური ინფექციების გავრცელების რისკს ზრდის.