ქერჩის სრუტესთან რუსული ტანკერების მიერ განცდილი ავარიისას ზღვაში ჩაღვრილი მაზუთის დიდი ლაქა, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიული წყლების მიმართულებით გადაადგილდება და ამან შესაძლოა სერიოზული პრობლემები შექმნას. ამის შესახებ „რეზონანსთან“ გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე საუბრობს, რომლის შეფასებითაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში შესაძლოა აფხაზეთის სანაპირო აღმოჩნდეს.

15 დეკემბერს შავ ზღვაში შტორმის დროს ორი რუსული ტანკერი დაზიანდა „ვოლგონეფტი 212“ და ,,ვოლგონეფტი 239“. მათ ერთობლივად დაახლოებით 9 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები გადაჰქონდათ. შემთხვევა ქერჩის სრუტეში მოხდა - ,,ვოლგონეფტი 212“ შუაზე გახლიჩა და მეჩეჩზე გაჩერდა, ხოლო ,,ვოლგონეფტი 239“-მა მართვა დაკარგა და მოგვიანებით ნაპირზე გამოირიყა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ,,ვოლგონეფტ 212“-ზე იმყოფებოდა 13 ადამიანი, საიდანაც ერთი დაიღუპა. დანარჩნი 12 მაშველებმა გადაარჩინეს. 11 მეზღვაური გადაყვანილია ქალაქ ანაპას საავადმყოფოში. ,,ვოლგონეფტ 239“-ზე კი 14 ადამიანი იმყოფებოდა და მათი ევაკუაცია ინციდენტიდან რამდენიმე საათში მოხდა.

რუსეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ტანკერებზე მყოფი ნავთობპროდუქტების ნაწილი, ძირითადად მაზუთი, ზღვაში ჩაიღვარა, თუმცა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია. რუსი გამომძიებლების თქმით, კატასტროფა გამოიწვია ეკიპაჟის შეცდომამ და შტორმის ზედმეტად ძლიერმა ზეწოლამ ტანკერებზე.

სამშაბათს კი ქერჩის სრუტესთან დაღვრილი მაზუთი ანაპას სანაპირომდე გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს.

„დღეს დილით სანაპიროს მონიტორინგისას აღმოჩენილია მაზუთის ლაქები. ნავთობპროდუქტები გამორიყულია ნაპირზე რამდენიმე ათეულ კილომეტრზე - ტემრიუკის რაიონის სოფელ ვესიელოვკადან ანაპას სტანიცა ბლაგოვეშჩენსკოემდე“, - დაწერა კონდრატიევმა „ტელეგრამზე“.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ეკოლოგი ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მაზუთის ლაქა, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიული წყლებისკენ მოიწევს, რადგანაც ზამთრის პერიოდში შავ ზღვაში დინებები მოძრაობს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, რის გამოც აფხაზეთის სანაპიროს შეიძლება სერიოზული პრობლემა შეექმნას.

,,ზამთრის პერიოდში ზღვის დინებები მოძრაობს ჩრდილოეთდან სამხრეთისკენ, რის გამოც მთავარი საფრთხე აფხაზეთის სანაპიროს ემუქრება. ჯერ არ ვიცით ეს ლაქა რამხელა შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ რთულია პროგნოზის გაკეთება, თუ სადამდე შეიძლება გავრცელდეს, თუმცა მთავარ საფრთეს უნდა ველოდოთ აფხაზეთის სანაპიროზე“, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

ასევე მან აღნიშნა, რომ პრობლემები შეექმნებათ მეთევზეებსაც. ნავთობის მცირე ლაქაც კი საკმარისია იმისთვის, რომ იგი გაიშალოს და ზღვაში არსებული ცოცხალი ორგანიზმების დაღუპვა გამოიწვიოს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ლაქა ჩვენი ტერიტორიალური წყლებისკენ წამოვა, თუ ეკონომიკურ წყალში წავა, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ რაღაც სახის პრობლემები შეგვექმნას.

,,ნავთობის პატარა ლაქასაც შეუძლია წყალში დიდი რაოდენობით ცოცხალი ორგანიზმების განადგურება, რადგან მას შეუძლია წყლის ზედაპირზე გაშლა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ლაქა ჩვენი ტერიტორიული წყლებისკენ წამოვა, თუ ეკონომიკური ზონის წყლებისკენ წავა, ეს ჩვენზეც იმოქმედებს გარკვეულწილად და პრობლემები შეიძლება შეექმნათ მეთევზეებსაც, პირველ რიგში აფხაზეთის სანაპიროსთან, თუმცა პროგნოზის გაკეთება ჯერ კიდევ რთულია“, - თქვა ნინო ჩხობაძემ.

ასევე იგი ამბობს, რომ ლაქის გაშლა დამოკიდებულია ზღვის ღელვაზე და თუკი შტორმი კვლავ მოხდა, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაბინძრებული ტერიტორიის ფართობს და დააჩქარებს მის გავრცელებას. სწორედ ამიტომ აუცილებელია დროული რეაგირება, რათა მოხდეს ამ ჩაღვრილი ნავთობპროდუქტების შეგროვება და წყლის გასუფთავება.

ვრცლად: resonancedaily.com