ექვსი ქართველი მეზღვაური, რომლებიც უკრაინის ოდესის ოლქის რენის პორტში მალტის დროშით მცურავი სატვირთო გემ „აკომენაზე“ იმყოფებოდნენ სამშობლოში ბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

რუსეთი უკრაინის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აგრძელებს. 24 ივლისს, ირანული „შაჰიდის“ ტიპის დრონების მასიური თავდასხმის შედეგად, რენი-ოდესის პორტში მარცვლეულის სამი საწყობი განადგურდა.

პორტში მყოფი ქართველი მეზღვაურები რუმინეთში გადაიყვანეს, ისინი საქართველოში უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან.  ევაკუაციის პროცესს საქართველოს ხელისუფლება გემთმფლობელთან ერთად აკონტროლებდა.

დრონების თავდასხმის დროს ქართველი მეზღვაურები უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარე პორტში იმყოფებოდნენ.