ქართველ ჩოგბურთელს, რომელიც მსოფლიო ტურნირებისთვის იბრძვის, ბიზნეს სექტორის დახმარება სჭირდება, - ამასთან დაკავშირებით ლაზარე სუთიაშვილის მხარდამჭერები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„სპორტი ყოველთვის იყო ძლიერი ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნის ბრენდინგსა და საერთაშორისო პოზიციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანიები მთელ მსოფლიოში მილიარდობით დოლარს აბანდებენ სპორტში, რადგან ეს არა მხოლოდ სოციალურ პასუხისმგებლობას, არამედ დიდ ეკონომიკურ სარგებელსაც ქმნის. საქართველოში კი, სპორტული დაფინანსება ძირითადად გუნდურ სპორტებზეა კონცენტრირებული, მაშინ როდესაც ინდივიდუალური სპორტის სახეობები, როგორებიცაა ჩოგბურთი, სათანადო ყურადღებას ვერ იღებს.
14 წლის ჩოგბურთელი ლაზარე სუთიაშვილი დილის 6 საათზე იწყებს ვარჯიშს. მისი დღე კორტებზე გადის – თავდაუზოგავი შრომითა და ოცნებით, რომ ერთ დღეს მსოფლიო ტურნირებზე იასპარეზოს. თუმცა, ჩოგბურთი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სპორტია, სადაც საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.
ლაზარემ ამ სფეროში უკვე არაერთი წარმატება მოიპოვა: ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, გამოიჩინა თავი საერთაშორისო ტურნირებზე, დაამარცხა ევროპის წამყვანი ჩოგბურთელები. თუმცა, ისევე როგორც სხვა ნიჭიერი სპორტსმენებისთვის, დაფინანსების ნაკლებობა მისთვისაც მთავარი დაბრკოლებაა.
"მას სურს, რომ დიდი ჩოგბურთელი გახდეს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს – როგორც თავად, ასევე ჩვენ- მისი მწვრთნელები, მამა, რომელიც აქტიურად არის ჩართული მის კარიერაში, და საქართველოს ფედერაციაც. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სპორტსმენისთვის აუცილებელია თანმიმდევრული განვითარება – დრო, გამოცდილება და რეგულარული შეჯიბრებები," – აღნიშნავს ბურჭულაძე.
განსაკუთრებით მწვრთნელი ხაზს უსვამს ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობას: "ლაზარეს საოცარი პოტენციალი აქვს. მაგრამ წარმატების მისაღწევად აქტიური მონაწილეობაა საჭირო ტურნირებში. ყოველკვირეულ შეჯიბრებებში ჩართვა აუცილებელია, რათა გაიზარდოს, მიიღოს გამოცდილება და ჩამოუყალიბდეს მებრძოლი ხასიათი. მისნაირი სპორტსმენისთვის წელიწადში 20-ზე მეტ ტურნირში მონაწილეობა საჭიროა."
ფინანსური მოთხოვნები მაღალია – საერთაშორისო შეჯიბრებებში ჩართვა, მოგზაურობა, ეკიპირება და ვარჯიში წლიურად დაახლოებით 50,000 დოლარს შეადგენს. "უცხოეთში მიმუშავია და ბევრად დიდ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა 60 მილიონზე მეტია, ლაზარესნაირი ნიჭიერი სპორტსმენის პოვნა რთულია. ამას გარდა, იმ ბავშვებს დიდი დაფინანსება აქვთ- ეკიპირება, ინფრასტრუქტურა, გამოცდილება და წარმოიდგინეთ ასეთი ქვეყნების პირველი ნომრებიც კი დამარცხებული ჰყავს ლაზარეს, რომელიც ასეთი არც გამოცდილება და არც ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს. აქამდე რა წარმატებასაც აღწევს მხოლოდ მისი ნიჭისა და შრომის შედეგია."
მწვრთნელს არაერთი ნიჭიერი სპორტსმენი უნახავს, რომლებიც დაფინანსების არარსებობის გამო სპორტიდან გაქრნენ. "არ მინდა, რომ ლაზარეს შემთხვევაშიც ასე მოხდეს. მას აქვს ნიჭი, მონდომება და შრომისმოყვარეობა, მაგრამ თუ სათანადო ფინანსური მხარდაჭერა არ ექნება, მისი შესაძლებლობები ვეღარ განვითარდება."
ბიზნეს სექტორის ჩართულობა სპორტში არამარტო სოციალური პასუხისმგებლობაა, არამედ გრძელვადიანი ინვესტიციაც, რომელიც ქვეყნის სპორტული და ეკონომიკური განვითარების ნაწილად შეიძლება იქცეს.
ლაზარე და მისი გუნდი მადლობას უხდიან მათ, ვინც უკვე მხარს უჭერს ახალგაზრდა ჩოგბურთელს: Hillside Estate-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს ირაკლი კენჭიაშვილს, კომპანია ბაბოლატის წარმომადგენელს დავით ისლამოვს, ბიზნესმენ ალექსანდრე გვარიშვილს, Gagua's Gym-ის დირექტორს დავით გაგუას, ჩოგბურთის ფედერაციას, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მის მწვრთნელებს. მათი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ლაზარეს სპორტული განვითარების გზაზე, თუმცა მსოფლიო დონს ასპარაზეობისთვის ეს მხარდაჭერა საკმარისია არაა და ამიტომ მისი წარმატების მთავარ გასაღებ ახლა მთავარი ფინანსური პარტნიორის მოძიებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.